დასავლეთმა რუსული ნავთობის ფასზე შესაძლოა, 40-60-დოლარიანი ჭერი დააწესოს

აშშ და მისი მოკავშირეები განიხილავენ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენას ბარელზე 40-60 დოლარის ფარგლებში. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ფასის განსაზღვრისას დასავლეთი ითვალისწინებს უკრაინაში რუსეთის შეჭრამდელ ფასებს და ასევე რუსული ნავთობის წარმოების რენტაბელურობას.

სააგენტოს წყაროს ცნობით, ამერიკულ ადმინისტრაციაში ამ საკითხზე კვირაში რამდენიმე შეხვედრა იმართება და მომდევნო კვირებში ისინი კიდევ უფრო ინტენსიურს გახდიან მიზნის მისაღწევად საკითხზე მუშაობას.

გარდა ამისა, წყაროების ცნობით ამერიკული მხარე აპირებს „ზომების“ მიღებას იმ ხომალდების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს უფრო ძვირ ფასად ყიდიან და ამავდროულად, გაააქტიურებენ სასანქციო რეჟიმს ბანკების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობის გაყიდვას დადგენილზე მაღალ ფასად.

როგორც ცნობილია, G7 ბავარიის სამიტზე შეთანხმდა, რომ დააწესებდნენ ფასის ლიმიტს რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე. შვიდეულმა ასევე განიხილა რუსული ნავთობის სრული ემბარგოს საკითხი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბარზებზე ნავთობის ფასი ახლა კლებაშია. გუშინ საღამოს ბრიტანული Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე ჩამოსცდა 100 დოლარს და 99,32 დოლარი შეადგინა. ხოლო ამერიკული WTI ნავთობის ფასმა 95,75 დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია