„პრიორიტეტული მიმართულება ტრანსკასპიური მარშრუტია“ - ტოკაევმა რუსეთის ქმედებების ფონზე „ყაზმუნაიგაზს“ ნავთობის მიწოდების სასწრაფოდ დივერსიფიცირება დაავალა

„პრიორიტეტული მიმართულება ტრანსკასპიური მარშრუტია“ - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა განაცხადა და გაზისა და ნავთობის ეროვნულ კომპანიას „ყაზმუნაიგაზს“ ნავთობის მიწოდების სასწრაფოდ დივერსიფიცირება დაავალა.

ტოკაევმა ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო ალტერნატიული გზების მოძიების შესახებ თათბირი მას შემდეგ გამართა, რაც რუსეთმა ქვეყანას ევროპისკენ ნავთობტრანზიტი გადაუკეტა. ინფორმაციას საგენტო Liter.kz ავრცელებს.

პრეზიდენტის თქმით, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ და სანქციებმა ტრადიციული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჯაჭვის გაწყვეტა გამოიწვია, ამიტომ გადაზიდვებისთვის კომუნიკაციისა და მიწოდების ალტერნატიული მარშრუტების შემუშავება, ასევე, ნავთობტრანზიტის დივერსიფიკაცია არის აუცილებელი.

„პრიორიტეტული მიმართულება ტრანსკასპიური მარშრუტია. ვავალებ ნავთობისა და გაზის ეროვნულ კომპანია „ყაზმუნაიგაზს“ შეიმუშაოს მისი განხორციელების ოპტიმალური ვარიანტი, მათ შორის თენგიზის პროექტიდან ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობით. მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები ატირაუ-კენკიაკისა და კენკიაკ-კუმკოლის ნავთობსადენების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

ნოვოროსიისკის პრიმორსკის რაიონულმა სასამართლომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) საზღვაო ტერმინალის მუშაობა 30 დღით შეაჩერა.

სასამართლოს 5 ივლისის გადაწყვეტილებით, ყაზახეთიდან ევროპაში ნავთობის ტრანზიტი შეწყდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად „როსტრანსნადზორის“ მიერ გამოვლენილი დარღვევები დასახელდა, რომლებიც „სახიფათო საწარმოო ობიექტების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათი ექსპლუატაციის დროს გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვას“ შეეხება. კერძოდ, „როსტრანსნადზორის“ განცხადებით, საზღვაო ტერმინალში ნავთობი დაიღვარა. თავის მხრივ, კონსორციუმმა სასამართლოში აღსრულების შეჩერების შუამდგომლობა შეიტანა, რადგან, CPC-ის მტკიცებით, საწარმოო საქმიანობის დაუყოვნებლივ შეჩერებამ შესაძლოა, ტექნიკურ ობიექტზე არახელსაყრელი და უმართავი პროცესი გააჩინოს და განავითაროს, მათ შორის მისი განადგურების ჩათვლით.

ამ ფაქტის ფონზე კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ქვეყნის სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის ნავთობის მიწოდების დივერსიფიკაციას კიდევ უფრო აუცილებლად მიიჩნევს და პრიორიტეტულ მიმართულებად ტრანსკასპიური მარშრუტს ასახელებს. ამის შესახებ ტოკაევი ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა და აცხადებდა, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამო ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. პრეზიდენტი ამბობდა, რომ მას შემდეგ, რაც ყაზახური კურიკის საზღვაო პორტი ტრანსკასპიურ დერეფანს დაუკავშირდა, ხორგოსიდან სტამბოლში ტვირთის გადაზიდვის დრო 5-ჯერ შემცირდა. გადაზიდვა, რომელსაც ადრე 60 დღე სჭირდებოდა, ახლა მხოლოდ 13 დღეში ხორციელდება. ტოკაევმა მაშინ დააანონსა, რომ ყაზახურმა მხარემ ნავთობის საექსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაცია ჩინეთსა და ევროპაში, მათ შორის, თურქული სატრანსპორტო დერეფნების გამოყენებით დაიწყო, ასევე, მიმდინარეობს აქტაუსა და კურიკის საზღვაო პორტების მოდერნიზება.

დღევანდელ თათბირზე ტოკაევმა მთავრობას, ატირაუ-კენკიაკის და კენკიაკ-კუმკოლის ნავთობსადენების გამტარუნარიანობის გაზრდისთვის ზომების მიღება დაავალა.

„სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინდუსტრია ყაზახეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია რეგიონებს შორის ურთიერთქმედების გასაძლიერებლად,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთმ, რომ უკრაინული მედია რუსეთის მიერ ყაზახეთისთვის ევროპისკენ ნავთობტრანზიტის გადაკეტვას უკრაინის ომის გამო რუსეთსა და ყაზახეთს შორის ბოლო დროს წარმოქმნილ უთანხმოებას უკავშირებს. კერძოდ, „ევროპეისკაია პრავდას“ ამ კონტექსტში ტოკაევის განცხადება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, ის ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობას არ აღიარებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ