თბილისის საკრებულოსთან მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შესაძლო შექმნას აპროტესტებენ

თბილისის საკრებულოსთან არასამთავრობო ორგანიზაციების, "აპრიორისა" და "სიმართლის თაობის" საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ შეიქმნას მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი. მათი თქმით, ეს ცენტრი მოემსახურება მხოლოდ ერთი ადამიანის, ალექსანდრე მარგიშვილის კორუფციულ ინტერესებს.  "ვაპროტესტებთ იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას ახალი სააგენტო ალექსანდრე მარგიშვილისთვის. ეს სააგენტო იქნება კიდევ ერთი კორუფციული ორგანო, რომელსაც არანაირი ფუნქცია არ ექნება თბილისისთვის. ეს სააგენტო მოემსახურება მხოლოდ ერთადერთ ადამიანს და მის კორუფციულ ინტერესებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გირშელ ბართაიამ.

მისივე თქმით, ამ ცენტრის შექმნის უკან დგას თბილისის მერი დავით ნარმანია და აქედან გამომდინარე იკვეთება, რომ იმ ყველა კორუფციულ გარიგებაში, რომლის სათავეშიც იდგა და დგას ალექსანდრე მარგიშვილი, დავით ნარმანიაც მონაწილეობდა.

მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის საკითხზე თბილისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს. სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება.