Olam Nuts - ვალუტის კურსი თხილის ფასის განსაზღვრაში უაღრესად მნიშვნელოვანია

თურქეთს თხილის მსოფლიო წარმოების 70%-ზე მეტი უკავია. Mintec-ის მონაცემებით, 21 ივლისს 11/13 მმ-იანი ლევანტის ხარისხი თურქული თხილისთვის საორიენტაციო FOB ფასი 100 კგ-ზე 560 დოლარი (1 კგ. = 5,60 დოლარი) იყო, რაც წლიური თვალსაზრისით 10%-ზე მეტად დაეცა. კლების უმეტესი ნაწილი ლირის შესუსტებას უკავშირდება.

დარგის პორტალ Olam Nuts-ის ცნობით, ივნისში თურქეთის მარცვლეულის საბჭომ (TMO) თხილის მიმდინარე მოსავალზე თავისი ბოლო ტრანშის გაყიდვის შესახებ განაცხადა, რამაც კგ-ზე 5,10 დოლარი (მაშინდელი 44 ლირა) შეადგინა, რაც ბაზრის მოლოდინს ოდნავ აღემატებოდა. პორტალის მარტის მონაცემებით, ადგილობრივ ბაზარზე კგ-ზე ფასი, დაახლოებით, 37-38 ლირას შეადგენდა, რაც მაშინ დიდ გავლენას ახდენდა TMO-ს გასაყიდ ფასზე, 39 ლირაზე.

Olam Nuts-ის ექსპერტები ივნისში პროგნოზირებდნენ, რომ ახალი მოსავლისთვის TMO ინფლაციის კომპენსაციის მიზნით ფასს გაზრდის და კგ თხილზე 5,25-5,50 დოლარამდე (მაშინდელ 50-დან 52 ლირამდე) გამოაცხადებს, რაც, დაახლოებით, 15-20%-ით აღემატებოდა მოსავლის ივნისის ფასებს. პორტალის შეფასებით, „ვალუტის კურსი გააგრძელებს უაღრესად მნიშვნელოვან როლს იმ დონის განსაზღვრაში, რომლითაც ბაზრისთვის ახალი მოსავალი იქნება ხელმისაწვდომი.“

Olam Nuts-ის ივნისის მონაცემებით, თურქული თხილის ექსპორტი შესამჩნევად აღემატება შარშანდელს და წინა ივნისის 250 ათასიდან წელს 300 ათას ტონამდე გაიზარდა. ამას პორტალის ექსპერტები იტალიის მოკლე მოსავალსა და ევროპაში მარაგის სიჭარბეს უფრო უკავშირებენ, ვიდრე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდას. Olam Nuts-ის მონაცემებით, დიდი საცალო მოვაჭრეებისა და კონდიტერების მხრიდან გრძელვადიან მოთხოვნაზე გარკვეული შეშფოთება ფიქსირდება, თუმცა მიმდინარე კონტრაქტების უმეტესობა გრაფიკით სრულდება.

პორტალი წერს, რომ წამყვანმა იტალიურმა საკონდიტრო კომპანია Ferrero-მ სეზონური მოთხოვნა დაფარა და შესაძლოა, სეზონის დარჩენილ პერიოდში ვაჭრობაში მონაწილეობა აღარ მიიღოს. 2022 წელს იტალიური თხილის სავარაუდო ფასის დიაპაზონი კილოგრამზე 7,69-დან 8,7 დოლარამდეა, რაც ევროში კგ-ზე 6,36 ევროს შეადგენს. მილანსა და რომში ტონაზე საშუალო ფასი 7694 აშშ დოლარია.

წელს აშშ-ის თხილის ფასის სავარაუდო დიაპაზონი კილოგრამზე 4,04-დან 3,59 დოლარამდეა, რაც ევროში კგ-ზე 4,04 ევროს შეადგენს. ტონაზე საშუალო ფასი ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 4042,51 დოლარია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ