OPEC+ ნავთობის წარმოებას სექტემბრიდან გაზრდის

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC) და მისი მოკავშირეები სექტემბრიდან ნავთობის წარმოების გაზრდაზე შეთანხმდნენ. შეთანხმებას აშშ-სა და სხვა მომხმარებლების მიერ მიწოდების გაზრდის მოთხოვნა უძღოდა წინ. როგორც ცნობილია, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გასულ თვეში საუდის არაბეთს სტუმრობდა, რათა ორგანიზაციის ლიდერები გლობალური ეკონომიკის დასახმარებლად წარმოების ზრდაზე დაეთანხმებინა.

წარმოება მცირე რაოდენობით, დღეში 100,000 ბარელით გაიზრდება და სიმბოლური ხასიათისაა. სავარაუდოდ, ამ ქმედებას ნედლი ნავთობის ფასებზე მინიმალური გავლენა ექნება.

OPEC-ი და მისი მოკავშირეები ივნისში წარმოების 648,000 ბარელით გაზრდას დათანხმდნენ დღეში მომავალი ორი თვისთვის. მანამდე კი გეგმა დღეში 432,000 ბარელით გაზრდა იყო, რათა პანდემიამდელ წარმოების დონეს დაბრუნდებოდნენ. ეს შეთანხმება აგვისტოში მთავრდება, ბევრი წევრი კი იმაზე ნაკლებს აწარმოებს, ვიდრე კვოტითაა განსაზღვრული.

აშშ და სხვა მომხმარებლები წარმოების ზრდას ფასების შემცირების მიზნით ითხოვენ, თუმცა რუსეთს მაღალი ფასები აწყობს, რათა აღიდგინოს უკრაინაში შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით გამოწვეული ზარალი.

OPEC-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ენერგიაზე გლობალური მოთხოვნის შესაძლო შემცირების შესაფასებლად მეტი დრო სჭირდებათ და ამის შემდეგ გაზრდიან წარმოებას მნიშვნელოვნად.

ცნობისთვის, ამჟამად Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასი 100 ამერიკული დოლარია, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობი კი 94 დოლარი ღირს.

კახი ჩაკვეტაძე