პოლონეთმა გაზსაცავები 100%-ით შეავსო

პოლონეთმა ზამთრის სეზონისთვის მზადება დაასრულა და მიწისქვეშა გაზსაცავები სრულად შეავსო. ამის შესახებ ქვეყნის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ანა მოსკვამ ტელეკომპანია Polsat-ს განუცხადა.

„ამ სეზონზე ჩვენ უზრუნველყოფილი ვართ და საცავებში უკვე გაზის 100% გვაქვს შენახული,“ - აცხადებს მინისტრი.

ანა მოსკვას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადის“ ექსპლუატაცია შემცირებულია, გაზის მიწოდება ქვეყანაში გრძელდება. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ქვანახშირი პოლონეთს მუდმივად მიეწოდება.

„ჩვენ, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქვანახშირის განაწილება დავიწყეთ. საწყობები ამ ქვანახშირს შეაგროვებენ და მეურნეობებს დაურიგებენ,“ - აცხადებს ანა მოსკვა.

25 ივლისს პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან გაზის გაზიარებას არ აპირებს. მისი თქმით, პოლონეთის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია, განსხვავებით ევროკავშირის 11 სახელმწიფოსგან, „რომლებმაც უკვე ნორმირების წესი შემოიღეს.“

მანამდე პოლონურმა კომპანია PGNiG-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „გაზპრომმა“ 27 აპრილიდან პოლონეთს გაზის მიწოდება მთლიანად შეუჩერა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ