ბათუმის მერის განცხადებით, 150-მდე ოჯახისთვის ორი სოციალური სახლი აშენდება

ბათუმის მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, 150-მდე ოჯახისთვის ორი სოციალური სახლი აშენდება. მისივე განცხადებით, ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლების მშენებლობის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. პროექტის ფარგლებში აშენდება ორი რვასართულიანი კორპუსი და საცხოვრებელი ფართებით 150-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. პროექტი ითვალისწინებს ბინების სრულ კეთილმოწყობას.

კორპუსები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. ტერიტორიაზე მოეწყობა სპორტული მოედანი, ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონი. სატენდერო თანხა 33 მილიონ 097 ათას 204 ლარს შეადგენს.