რუსეთმა შესაძლოა, მარცვლეულის ექსპორტი შეამციროს

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა, მარცვლეულის საექსპორტო გეგმა შეამციროს, რადგან ხედავს რისკს, რომ ქვეყანაში ამ სეზონზე მოსავლის მაჩვენებელი 130 მლნ ტონას ვერ მიაღწევს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა, დიმიტრი პატრუშევმა განაცხადა, რასაც „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

მარცვლეულის საექსპორტო კვოტა ამჟამად 50 მლნ ტონას შეადგენს. ყველა ფედერალურ ოლქში მოსავლის აღების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. მინისტრის მონაცემებით, მთლიანი ფართობის 27%-ზე მოსავალი აღებულია, ხოლო ფერმერებმა, დაახლოებით, 55 მილიონი ტონა მარცვლეული მოაგროვეს, რაც ზოგადად კარგი მაჩვენებელია. თუმცა ამ დროისთვის აღებული მოსავლის მოცულობა, წინა წლის რაოდენობასთან შედარებით, შესამჩნევად ნაკლებია.

„მთლიანობაში ეს ყველაფერი მარცვლეულის მოსავლის 130 მილიონი ტონამდე მიღწევის მხრივ რისკებს ქმნის. მართალია, ჩვენ სრულად ვუზრუნველვყოფთ ჩვენს ბაზარს და ამის პრობლემა არ იქნება, მაგრამ თუ დაგეგმილ მოცულობას ვერ მივაღწიეთ, 50 მილიონ ტონაზე საექსპორტო გეგმას უნდა გადავხედოთ,“ - აცხადებს პატრუშევი.

ამასთან, ის ვარაუდობს, რომ რუსეთიდან ექსპორტის შემცირება მარცვლეულის მსოფლიო ბაზარზე ნეგატიური გავლენას იქონიებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ადრე გამოცხადებული ოფიციალური პროგნოზების თანახმად, 2022 წელს მარცვლეულის მოსავალმა 130 მილიონი ტონა უნდა შეადგინოს, რაც რუსეთის ისტორიაში ხორბლის მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს, 87 მილიონ ტონას ითვალისწინებს. 2021 წელს ქვეყანამ 120,656 მილიონი ტონა მარცვლეული, მათ შორის 75,94 მილიონი ტონა ხორბალი აიღო.

მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო წლისთვის, რომელიც 1-ელ ივლისს დაიწყო, საექსპორტო პოტენციალი 50 მილიონი ტონა მარცვლეულით შეფასდა.

ცნობისათვის, საქართველოში ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. კერძოდ, 2022 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ 50 104 ტონა (16,749 მლნ დოლარის ღირებულების) ხორბლის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 42,831 ტონა (14,765 მლნ დოლარი ღირებულების) სწორედ რუსეთიდან შემოვიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ