ფრანგულ მონბლანზე ასასვლელად მთამსვლელებს 15 000 ევროს გირაოს გადახდა მოუწევთ

მთამსვლელებს, რომლებიც საფრანგეთის პოპულარული მარშრუტიდან მონბლანის მწვერვალზე ასვლას დააპირებენ, 15 000 ევროს გირაოს გადახდა მოუწევთ იმ ხარჯების დასაფარად, თუკი მათი გადარჩენა ან ტრაგიკული შემთხვევის დროს, დაკრძალვა გახდა საჭირო. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მთამსვლელები ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, როგორც წესი, ქალაქ სენ-ჟერვე-ლე-ბენიდან, გუტერას მარშრუტით ადიან. ქალაქის მერმა, ჟან-მარკ პეილექსმა გირაო მას შემდეგ დააწესა, რაც ათობით ადამიანი მარშრუტის საფრთხის შესახებ მუნიციპალიტეტის გაფრთხილებას არ ითვალისწინებდა. მერი მონბლანზე ასვლას „რუსული რულეტის თამაშს“ ადარებს.

რაც შეეხება გირაოს ოდენობას, მერია ვარაუდობს, რომ 10 000 ევრო გადარჩენის, ხოლო 5 000 ევრო დაკრძალვის ხარჯების დასაფარად საკმარისი იქნება.

ივლისის შუა რიცხვებში ადგილობრივმა გიდებმა კლდოვანი ქვების მასიური ცვენის გამო მუშაობა შეაჩერეს მარშრუტზე, რომელიც მანამდე ნებისმიერი კვალიფიკაციის მთამსვლელისთვის იყო ხელმისაწვდომი. ადგილობრივი ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებდა, ხოლო ძლიერმა და ხანგრძლივმა სიცხემ მთაზე მდგომარეობა კიდევ უფრო სახიფათო გახადა.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მერმა დაწერა, რომ ათობით „ფსევდომთამსვლელმა“ გაფრთხილება არ გაითვალისწინა. ჟან-მარკ პეილექსმა მაგალითისთვის ხუთი რუმინელი ტურისტი დაასახელა, რომლებიც მწვერვალზე ასვლას „შორტებით, ბოტასებითა და ჩალის ქუდებით“ ცდილობდნენ, ხოლო მათი უკან დაბრუნება სამთო პოლიციას მოუწია.

„ადამიანებს მთაზე ასვლა სიკვდილის ზურგჩანთებით სურთ, ამიტომ მათი გადარჩენისა და დაკრძალვის ხარჯები უნდა გავითვალისწინოთ, რადგან მიუღებელია, ეს ხარჯი გადასახადების ფრანგმა გადამხდელებმა გაიღონ,“ - წერს მერი.

მწვერვალზე ასვლა, ასევე, მონბლანის იტალიურ მხარეს მდებარე კურმაიორიდან, რატის ბილიკით არის შესაძლებელი. თუმცა მას ნაკლებად იყენებენ. კურმაიორის მერმა, რობერტო როტამ განაცხადა, რომ მარშურტზე წვდომის შეზღუდვას არ აპირებს.

„მთა საკუთრება არ არის და როგორც ადმინისტრატორები, მხოლოდ მარშრუტებზე არაოპტიმალური პირობების შეტყობინებით უნდა შემოვიფარგლოთ. მწვერვალზე ასასვლელად გირაოს მოთხოვნა ნამდვილად სურეალისტურია,“ - აცხადებს რობერტო როტა.

მთის აქტივობების უსაფრთხოებაზე დებატები ამ ზაფხულს სიცხის გამო, ასევე, მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ივლისის დასაწყისში 11 ადამიანი დაიღუპა. იტალიაში, დოლომიტთა ალპების უმაღლესი მყინვარის, მარმოლადას ჩრდილოეთ ნაწილს ყინულის უზარმაზარი ბლოკი მოწყდა, რასაც მთამსვლელები შეეწირნენ. მარმოლადას მიმდებარე ქალაქების მერებმა უსაფრთხოების მიზნით მთისკენ მისასვლელი საკვანძო პუნქტები გადაკეტეს, თუმცა ზოგიერთი მთამსვლელი აკრძალვის თავიდან აცილებას ცდილობდა.

ბოლო 20 წლის განმავლობაში გუტერას მარშრუტზე 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ფრანგი სამთო გიდები, რომლებმაც მუშაობა 15 აგვისტომდე შეაჩერეს, აცხადებენ, რომ „კლდოვანი ქვების ცვენა დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება.“

ალპებში მშრალი პირობები ზამთრის მცირე თოვლისა და გაზაფხულის ნორმაზე მეტი ტემპერატურის გამო გაუარესდა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ალპების მყინვარებმა დაკვირვების დაწყებიდან, დაახლოებით, 60 წლის განმავლობაში, წელს შესაძლოა, ყველაზე მეტი მასა დაკარგონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ