მუშახელის დეფიციტის გამო ფინეთში 2 მლნ-მდე კილოგრამი მარწყვი მოუკრეფავი დარჩება

ფინეთში, დაახლოებით, 2 მლნ კილოგრამი მარწყვი შესაძლოა, მოუკრეფავი დარჩეს. ადგილობრივი სამაუწყებლო კომპანია YLE-ის ცნობით, ქვეყანაში მარწყვის მთლიანი მოსავლის, თითქმის, 15% შესაძლოა, განადგურდეს.

მიზეზად მუშახელის დეფიციტი სახელდება. მანამდე ფინეთში კენკრას, ძირითადად, უკრაინიდან ჩასული მუშები კრეფდნენ, რომლებიც იქ შრომითი მიგრაციის სეზონზე ჩადიოდნენ. უკრაინელები მარწყვის მკრეფავთა, დაახლოებით, 70%-ს შეადგენდნენ. თუმცა წელს, უკრაინის ომის გამო, ეს ნაკადი საგრძნობლად შემცირდა.

YLE-ს მაგალითისთვის დასავლეთ ფინეთის ქალაქ პაიმიოს ფერმერები მოჰყავს, რომლებიც მოსავლის ასაღებად მუშებს ეძებენ, თუმცა ჩივიან, რომ ჯერჯერობით მათი ძალისხმევა უშედეგოა. ფერემრები ალტერნატივად ტაილანდიდან მიგრანტ მუშებს განიხილავენ, თუმცა ჯერ უცნობია მოესწრება თუ არა დროში კენკრის გადარჩენა.

ფერმა, Alanteen Tila ყოველწლიურად, თითქმის, 250 000 კგ მარწყვის მოსავალს იღებს. თუმცა ამ ზაფხულს ფერმის მინდორში მოსავლის, თითქმის, მეოთხედი, 50 000–60 000 კგ-მდე კენკრა დარჩა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ