რუსთავში, დამატებით 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რუსთავში, დამატებით 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, პრიორიტეტად კვლავ ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა რჩება და ამ თანხის ძირითადი ნაწილი სწორედ შიდა საუბნო სივრცეებისა და გზების რეაბილიტაციაზე იქნება მიმართული.

„დღეს რუსთავში სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მათი ჯამური ღირებულება 80 მილიონი ლარია. ჩვენ დამატებით კიდევ 14 მილიონი ლარის ღირებულების ახალ პროექტებს ვიწყებთ, რომელთა ძირითადი ნაწილი მიმართული იქნება შიდა საუბნო სივრცეების რეაბილიტაციაზე და მოწესრიგებაზე. ჩვენთვის პრიორიტეტად კვლავ ქალაქში უსაფრთხო გარემოს შექმნა რჩება და ვფიქრობთ, რომ ახალი ეტაპი ამის შესაძლებლობებს მოგვცემს“, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული 14 მილიონი ლარით, ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რესტავრაციის მეორე ეტაპი დაიწყება, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება შიდა საუბნო სივრცეების მოწყობაზე ქაშაკაშვილის, კონსტიტუციისა და მშენებელთა ქუჩებზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვის და შევჩენკოს ქუჩებს. დოლიძის ქუჩის ახალ დასახლებაში ახალი გზის მშენებლობა მოხდება. ჭყონდიდელის დასახლებაში 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ახალი სკვერი გაშენდება.

ამ ეტაპზე რუსთავში ჯამში 80 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები 220 მისამართზე მიმდინარეობს. 14 მილიონი ლარის ღირებულების ახალი პროექტების განხორციელებას კი რუსთავის მუნიციპალიტეტი უახლოეს მომავალში დაიწყებს.