ბარსელონაში ქუჩის წვეულებების მონაწილეებს აჯარიმებენ - კანონი უფრო მკაცრდება

ესპანეთის ხელისუფლებამ ბარსელონაში ქუჩის ალკოჰოლური წვეულებების მონაწილეებზე ჯარიმები დააწესა. The Guardian-ის ცნობით, ქუჩის წვეულებები პოპულარული კორონავირუსის ეპიდემიის დროს გახდა.

ქალაქის მცხოვრებლებს ქუჩის ალკოჰოლურ წვეულებაში მონაწილეობისთვის 60-100 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, თუმცა 30 დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში ეს თანხა 75%-ით მცირდება. მთავრობა ამტკიცებს, რომ წვეულებები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს. ბარსელონაში ჯარიმები ესპანეთის წინა მთავრობის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე დაწესდა, რასაც ოპონენტები სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ.

ბარსელონის პოლიციის უფროსის, პედრო ველასკესის განცხადებით, 2-8 აგვისტოს პერიოდში 747 ადამიანი დაჯარიმდა. მან დააანონსა, რომ ჯარიმები 600 ევრომდე გაიზრდება და მას პოლიცია „ანტისოციალური ქცევისთვის“ გამოწერს, რასაც სამართალდამცველები ადგილზე დაადგენენ. ასევე, ჯარიმის დროულად გადახდისთვის ე.წ. ფასდაკლება ამჟამინდელი 75%-იდან 50%-მდე შემცირდება.

ბარსელონაში ქუჩის ალკოჰოლური წვეულებები, რომელსაც ესპანურად „botellón“-ს უწოდებენ, კოროვირუსული პანდემიის დროს ბარებისა და რესტორნების დახურვის ან შეზღუდვის გამო მომრავლდა. მასში მეზობელი საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ