ვენეციის მოსახლეობა 50 000-მდე შემცირდა და კიდევ უფრო შემცირდება

ისტორიული ცენტრის, ვენეციის მოსახლეობა 50 000-ს მიუახლოვდა და მოსალოდნელია, რომ მალე კიდევ უფრო შემცირდება. The Guardian-ის შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ ოდესღაც ძლიერი საზღვაო სახელმწიფოს მოსახლეობა გადაიქცევა „რელიკვიად ღია მუზეუმში.“

არსებული მონაცემებით, 1950-იანი წლების დასაწყისიდან ვენეციის მოსახლეობა 120 000-ზე მეტი ადამიანით შემცირდა. მთავარი მიზეზი იყო ქალაქის ტურიზმის ცენტრად გადაქცევა, რის გამოც მასში არამუდმივი მოსახლეობა სულ უფრო იზრდება, მუდმივი მცხოვრებლები კი ქალაქს ტოვებენ.

Venessia.com, რომელიც ვენეციის მოსახლეობას ოფიციალურ და საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ითვლის, ვარაუდობს, რომ ეს მაჩვენებელი ხვალისთვის, პარასკევს 50 000-ზე ქვემოთ პირველად დაეცემა.

„ჩვენ ამაზე წლების განმავლობაში ვიძლეოდით გაფრთხილებას. ხელის ჩაქნევა არ გვსურს, თუმცა ფაქტია, ვერც ერთმა მთავრობამ ვერ შეძლო ტენდენციის შეცვლა,“ - აცხადებს Venessia.com-ის მენეჯერი, მატეო ზეკი.

მისი შეფასებით, „ტურიზმი არის ჯოხი ორი დაბოლოებით,“ როცა, ერთის მხრივ, ფულს იღებ, თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობას ყველა გასართობს და ადგილს ართმევ. ზეკი ამბობს, რომ არიან ისეთებიც, ვინც ვენეციიდან არ არის, თუმცა იქ სახლი აქვს და აქირავებს, ფულს კი სხვაგან ხარჯავს.

ვენეციის საქალაქო საბჭო აცხადებს, რომ Venessia.com-ის მონაცემები ზუსტი არ არის, რადგან ის არ ითვალისწინებს უცხოელ სტუდენტებსა და მცხოვრებლებს, რომლებიც გარეზონებიდან ქალაქში სამუშაოდ ჩადიან. ამასთან, ოფიციალური რეესტრი არ შეიცავს მონაცემებს მათზე, ვინც ვენეციაში, თითქმის, მთელი წლის განმავლობაში ცხოვრობს, მაგრამ რეზიდენტებად რეგისტრირებული არ არიან.

როგორც ცნობილია, 2023 წლის იანვრიდან ვენეციაში ​​ვიზიტორების შესვლა ფასიანი ხდება. ეს იქნება მსოფლიოში პირველი ქალაქი, სადაც ასეთი წესი იმოქმედებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ