”რაც ქვეყანაში მოხდა ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებული”

რაც ქვეყანაში მოხდა ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებული და გარეშე ფაქტორებით გამოწვეული, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე - რატომ გამყარდა ლარი ბოლო დღეების განმავლობაში, მარკ გრიფითსის თქმით, ამაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან "ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო ნიშან-თვისება, რომელიც მცოცავ გაცვლით კურსს გააჩნია".

"მცოცავი კურსი თავისი არსით გულისხმობს იმას, რომ ხან გამყარდება, ხან - გაუფასურდება იმისთვის, რომ აითვისოს და თავის თავში დააბალანსოს გარეშე ფაქტორები, რისკები და რყევები. აქედან გამომდინარე, კურსში ხდება ამ რისკებისა და გარე ფაქტორების შეწოვა. ნამდვილად დიდი შოკი იყო, მაგრამ ზუსტად ასე რეაგირებს ბაზარი გაცვლით კურსზე", - განაცხადა გრიფითსმა და დასძინა, რომ ეს იყო დიდი და მტკივნეული შოკი, თუმცა იგივე შოკი განიცადა მთელმა ევროპამ და ბევრმა სხვა ქვეყანამ.

რაც შეეხება ვალუტის გაუფასურებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის თქმით, "ეს არის ის საკითხი, სადაც რომელიმე კონკრეტული მიმართულების ან შტოს ბრალი არ უნდა ვეძებოთ". "ეს იყო გამოწვეული გარეშე ფაქტორების მიერ. ეს იყო ის მოდელი, რომელიც განვითარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ყველა ამ ქვეყანაში, სადაც ვალუტის გაუფასურება მოხდა, ეს გამოწვეული იყო გარეშე ფაქტორებით, გარეშე შოკებით", - განაცხადა გრიფითსმა.

მისივე თქმით, რაც ქვეყანაში მოხდა ლარის კურსთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გარეშე ფაქტორებზე დამოკიდებული და გარეშე ფაქტორებით გამოწვეული. "მაგალითად, დიდ ბრიტანეთში როდესაც ხდება გამყარება ან გაუფასურება, ცენტრალური ბანკი ამ შემთხვევაში არავითარ ინტერვენციას არ ახორციელებს. კითხვა იყო, თუ რატომ მოხდა ლარის გამყარება ბოლო დღეების განმავლობაში, ეს არის ის ფაქტორი, რომელიც ახასიათებს მცოცავ გაცვლით კურსს, აქედან გამომდინარე, აქ პროგნოზები, ან რაიმე კონკრეტული ზომების მიღება, არ არის მიზანშეწონილი იმიტომ, რომ განსაზღვრა და პროგნოზირება ძალიან რთულია მცოცავი რეჟიმის შემთხვევაში", - განაცხადა გრიფითსმა.