კომპანია "ალდაგი" აგროდაზღვევის პროგრამაზე საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის თაობაზე სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს.

"ალდაგის" ინფორმაციით, გორში სოფლის მეურნეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია და სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" საცალო გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორი თამარ ჭკადუა შიდა ქართლის რეგიონის ფერმერებს შეხვდნენ და აგროდაზღვევის განახლებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" შიდა ქართლის რეგიონში მყოფ ფერმერებს კომბოსტოს, პომიდვრის, ხახვის, ატმის, ვაშლის, მარწყვის, მსხლის, ბალი/ალუბლის და ხორბლის კულტურების დაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. აღნიშნული კულტურების დაზღვევა შემდეგ რისკებს მოიცავს: სეტყვა, ჭარბი ნალექი და ქარიშხალი. ამ სტიქიური მოვლენების შედეგად განადგურებული მოსავლით დამდგარ ნებისმიერ ზარალს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აანაზღაურებს. სადაზღვევო კომპანია ალდაგს აგროდაზღვევის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აღსანიშნავია, რომ ამ სახეობაში ალდაგს 3 მილიონამდე ლარის ზარალი აქვს ანაზღაურებული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგრო სექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ფერმერებს დაუფინანსებს სადაზღვევო პრემიის დიდ ნაწილს (40%-დან 60%-მდე). მაგალითისთვის, ვაშლის ბაღის დაზღვევისათვის, თუ მოსავლის სახით 1 ჰა–ზე უნდა მიიღოს 25 ტონა პროდუქცია, რომლის ღირებულება შეადგენს 20000 ლარს, ფერმერს ამ თანხის 3,4% ანუ 680 ლარის გადახდა მოუწევს. პრემიის დანარჩენ ნაწილს 1020 ლარს სახელმწიფო აანაზღაურებს, 1 ტონა ვაშლის მოსავლის დაზღვევისთვის, კი ფერმერს მაქსიმუმ 27,2 ლარის გადახდა მოუწევს. 40,8-ს გადაიხდის სააგენტო. სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედოსთან" და "საქართველოს ბანკთან" თანამშრომლობით, ფერმერებს აგროდაზღვევის პოლისების შეძენის მოქნილ და გამარტივებულ სქემას სთავაზობს. ფერმერებს საშუალება ეძლევათ სადაზღვევო პრემიის შეღავათიან პირობებში დაფინანსებისთვის მიმართონ კრედოს და საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით.

მათივე ინფორმაციით, გორში სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" ახალი ფილიალი გახსნა. "ალდაგის" გორის ოფისი მომხმარებელს შიდა ქართლის და სამცხე ჯავახეთისა რეგიონების მასშტაბით მოემსახურება. ახალი ოფისი, ასევე მნიშვნელოვნად დაეხმარება შიდა ქართლში მყოფ ფერმერებს, რეგიონშივე მიიღონ მათთვის საჭირო ყველა მომსახურება. გორის ოფისში პირველ ეტაპზე, 60 ადგილობრივი კადრი იქნება დასაქმებული, რაც რეგიონში ახალგაზრდების დასაქმებას შეუწყობს ხელს.