Apple თავის აპლიკაციაში რუსული Rutube-ისგან პროპაგანდისტული არხების გათიშვას მოითხოვს

ამერიკული Apple რუსული Rutube-ისგან მოითხოვს, სახელმწიფო მედიის კონტენტი დამალოს ან მხოლოდ რუსი მომხმარებლებისთვის დატოვოს iOS-ის აპლიკაციაში, რომელიც მსოფლიოს 171 ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ რუსული ვიდეოჰოსტინგის პრესრელიზში არის ნათქვამი, რასაც „ტასსი“ ავრცელებს.

„Apple გვთავაზობს, აპლიკაცია Rutube-ის მოდერაციის პრობლემა ორი გზით მოვაგვაროთ: აპლიკაცია ხელმისაწვდომი გავხადოთ მხოლოდ რუსი მომხმარებლებისთვის ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მედიაკონტენტი წავშალოთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

Apple-მა Rutube-ის (შპს Ruform-ის) მმართველობას ორი კვირა მისცა გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში მის აპლიკაციას App Store-დან ამოიღებს. Rutube-ის პრესსამსახური აცხადებს, რომ კომპანიამ, რუსეთის, ყაზახეთისა და ბელარუსის გარდა, სხვა ქვეყნის მომხმარებლებს App Store-ში Rutube-ზე წვდომა ისედაც შეუზღუდა, თუმცა მთლიან აკრძალვაზე უარს ამბობს.

„Rutube არ გეგმავს რუსული მედიის გავრცელებაზე სრული შეზღუდვის დაწესებას, რადგან ეს რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებს არღვევს“, - ნათქვამია ვიდეოჰოსტინგის განცხადებაში. მეტიც, რუსები ხაზგასმით შეახსენებენ მომხმარებლებს, რომ ამერიკულ ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე დაბლოკილი რუსული მედია ახლა უკვე ხელმისაწვდომია Rutube-ზე.

მარტში YouTube-მა, რომელიც Google-ის საკუთრებაა, კრემლის მიერ დაფინანსებული, პროპაგანდისტული რუსული მედიაარხების დაბლოკვა დაიწყო. შეზღუდვების ქვეშ მოექცა RT, Sputnik, სააგენტო „ტასსი,“ NTV, VGTRK, პირველი არხი, „მოსკვა 24“ და სხვა მედიასაშუალებები.

ამის საპასუხოდ კრემლი ვიდეოჰოსტინგს დაბლოკვით დაემუქრა. მარტში „როსკომნადზორმა“ Facebook დაბლოკა, რომლის მფლობელი კომპანია, Meta რუსეთში ექსტრემისტულ ორგანიზაციად აღიარეს და აკრძალეს. „როსკომნადზორმა,“ ასევე, დაბლოკა Twitter და სოციალური ქსელი უკრაინის ომის შესახებ „არაზუსტი ინფორმაციის“ გამავრცელებელ პლატფორმად გამოაცხადა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ