რატომ გადიან ბაზრიდან კენკრის მწარმოებლები - „თავდაპირველად დაშვებული იყო შეცდომები, რომლებიც მოგვიანებით ვერ გამოსწორდა“

2015 წელს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერი პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ამოქმედებით, საქართველოში კენკრის წარმოება მკვეთრად გაიზარდა. მთავრობის მხარდაჭერით წახალისებულმა მეწარმეებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ კენკრის წარმოების გამოცდილება, გადაწყვიტეს ბიზნესში ბედი ეცადათ, რადგან კენკრა - მოცვი, ჟოლო და მაყვალი - ძვირად ღირებული პროდუქტია და ის მნიშვნელოვან მოგებასაც განაპირობებს.

მანამდე საქართველოში კენკრის სამრეწველო წარმოებით ცოტა ადამიანი იყო დაკავებული, შესაბამისად, გამოცდილებაც მცირე იყო, ამიტომ ბიზნესის დაგეგმვაში ბევრმა შეცდომა დაუშვა.

საქართველოს კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის შეფასებით, ბოლო წლებში ჟოლოსა და მაყვლის მწარმოებელთა მინიმუმ 20%-მა დატოვა ბაზარი.

რამ აიძულა ფერმერები დაეტოვებინათ ბაზარი და რას გააკეთებდნენ ისინი სხვაგვარად? EastFruit-ის ანალიტიკოსები ადგილობრივ ექსპერტებს და იმ მწარმოებლებს გაესაუბრნენ, რომლებმაც წარმოება უკვე შეწყვიტეს.

„ქართული კენკრა“ - ქართული კენკრის მწარმოებელი, რომელმაც ბაზარი 2022 წლის სეზონზე დატოვა. კომპანიას ეკუთვნის 7 ჰექტარი ჟოლოსა და მაყვლის ბაღები, რომლებიც 2017 წელს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფინანსური მხარდაჭერის ფარგლებში არის გაშენებული. კომპანიის თანადამფუძნებელმა, ია თოფურიამ წარმოების შეწყვეტის მიზეზებზე EastFruit-თან ისაუბრა:

„პროგრამა რომ არა, კენკრის მოყვანას არ დავიწყებდით. „დანდრგე მომავალმა“ ნაწილობრივ დააფინანსა ნარგავების შესყიდვა, ასევე სარწყავი სისტემა, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ არ ვიყავით ინფორმირებული შესაძლო რისკების შესახებ და არ მივიღეთ კვალიფიციური რეკომენდაციები. ჩვენ მხოლოდ ნიადაგის ანალიზი გავაკეთეთ, რამაც აჩვენა, რომ ნიადაგი არ არის შესაფერისი კენკრის მოსაყვანად, მაგრამ ადგილობრივმა ექსპერტებმა დაგვარწმუნეს, რომ ანალიზის შედეგების მიუხედავად, იქ კენკრა შეიძლება მოშენდეს“, - განაცხადა თოფურიამ.

მისი თქმით, პირველი ორი წელი საკმაოდ წარმატებული იყო - კომპანიამ კენკრის მიყიდვა ადგილობრივი დისტრიბუტორისთვის დაიწყო, რომელიც ჟოლოსა და მაყვალს ქართული სუპერმარკეტების ქსელებისთვის საკუთარი ბრენდით ფუთავდა და ყიდდა, მაგრამ შემდეგ წარმოების პრობლემები დაიწყო. როგორც გაირკვა, თავდაპირველად დაშვებული იყო შეცდომები, რომლებიც მოგვიანებით ვერ გამოსწორდა. თოფურიას თქმით, პრობლემები შეეხებოდა შერჩეულ ჯიშებს და მცენარეების ხარისხს, ასევე ნიადაგის ხარისხსა და ადგილობრივ კლიმატს.

ორი წლის შემდეგ მაყვლის ბუჩქებმა მოულოდნელად კვდომა დაიწყო, რის შედეგადაც მაყვლის 64 მწკრივიდან მხოლოდ 5 გადარჩა. პარტნიორებს ჯერაც არ აქვთ პასუხი, რატომ მოხდა ეს, მიუხედავად სხვადასხვა აგრონომებთან კონსულტაციებისა.

კიდევ ერთი პრობლემა იყო არახელსაყრელი კლიმატური პირობები. ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც კენკროვანი ბაღი იყო, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა ნეგატიურად აისახა მცენარეებისა და ნაყოფის ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ მევენახეებს მოგვიანებით ექსპერტებმა ურჩიეს მცენარეების საჩრდილობელი ბადეებით დაფარვა, ინვესტიციის მაღალი ღირებულების გამო ამის საშუალება არ ჰქონდათ.

მაგრამ თავად ია თოფურია კენკრის ბიზნესიდან წასვლას არ გეგმავს. მეწარმეს იზიდავს მარწყვის მოყვანის შესაძლებლობა. მაგრამ ახლა, სანამ ინვესტიციას განახორციელებს, ის პროფესიონალებისგან მარწყვის წარმოების სპეციფიკის შესწავლას გეგმავს. თოფურიას თქმით, შეღავათიან დაფინანსებასთან ერთად, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორში ტრენინგებისა და კონსულტაციების სისტემის განვითარება. მეურნეობას დროულად რომ მიეღო გამოცდილი აგრონომის რჩევა, ალბათ, წარმოების გადარჩენა შეიძლებოდა.

ეკა დარჩიაშვილი