შვეიცარული საათების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

შვეიცარული საათების ექსპორტი ივლისში ყველა დროის მაქსიმუმს მიუახლოვდა და 2021 წლის ივლისთან შედარებით, 8,3%-ით, 2,2 მლრდ ფრანკამდე (2,3 მლრდ დოლარამდე) გაიზარდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ. ამის შესახებ შვეიცარული საათების მწარმოებელთა ფედერაციის განცხადებაში არის ნათქვამი.

ივლისში ფოლადის საათების ექსპორტი 9,5%-ით, ძვირფასი ლითონების - 4,8%-ით, სხვა ლითონების - 34%-ით, ხოლო სხვა მასალებისგან დამზადებული საათების ექსპორტი 54,1%-ით გაიზარდა.

საათები, რომელთა საექსპორტო ფასი 500 ფრანკს (523 დოლარს) აღემატება, მთლიანი მოცულობის მესამედზე მეტს და საექსპორტო ბრუნვის, თითქმის, 95%-ს შეადგენდა. ივლისში მათი ექსპორტი, ღირებულების თვალსაზრისით, 10,8%-ით, ხოლო 200 ფრანკზე (209 დოლარზე) ნაკლები ღირებულების საათების ექსპორტი 5,3%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის შეფასებით, ძვირადღირებულ საათებზე მოთხოვნა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პანდემიის დროს სახლში ჩარჩენილმა მომხმარებელმა შვეიცარულ ბრენდებს, Rolex-ს, Omega-ს, Audemars Piguet-სა და Patek Philippe-ს უფრო მეტი ყურადღება დაუთმო.

„მაღალი დონის პროდუქტებზე მოთხოვნის პოსტპანდემიური ტალღა გრძელდება,” - აცხადებს Bernstein-ის ანალიტიკოსი, ლუკა სოლკა.

აშშ-ში ივლისში შვეიცარული საათების ექსპორტი, გასულ წელთან შედარებით, 13,5%-ით გაიზარდა. ამ საათების ბაზარზე ყველაზე მსხვილი, 14,6%-იანი წილის მფლობელად კვლავ აშშ რჩება. შვეიცარული საათების უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულში, ასევე, შედის ჩინეთი (14,2%-ით), ჰონგ კონგი (7,7%-ით), სინგაპური და იაპონია (თითოეული 6,3%-იანი წილით).

მოამზადა ლადო სულაბერიძემ