ბერლუსკონი - „ჩვენ შევძლებთ, დავასრულოთ რუსეთზე დამოკიდებულება, რომელიც აშკარა პრობლემებს გვიქმნის“

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი, რომელიც პარტია „წინ, იტალიის“ ლიდერია, აცხადებს, რომ აუცილებელია რუსული გაზისგან მანამ გათავისუფლება, ვიდრე რუსეთი იტალიას მიწოდებას თავად შეუწყვეტს.

ბერლუსკონის თქმით, რუსულ გაზზე უარის თქმის მიზნით ალტერნატიული წყაროებისთვის პირობები უნდა შეიქმნას. კერძოდ, უნდა გაკეთდეს თხევადი ბუნებრივი აირის გადამუშავების ტერმინალები და ნარჩენებისგან ენერგიის წარმოების ქარხნები.

„თუკი ინვესტიციები განახლებადი ენერგიის წყაროებში განხორციელდება, ასევე, განახლდება კვლევები სუფთა ბირთვული ენერგიის სფეროში, მაშინ ჩვენ შევძლებთ, დავასრულოთ რუსეთზე დამოკიდებულება, რომელიც აშკარა პრობლემებს გვიქმნის,“ - აცხადებს ბერლუსკონი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდ პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბერლუსკონიმ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო. აღსანიშნავია, რომ ადრე 85-წლის პოლიტიკოსი რუსეთის გაკრიტიკებაზე თავს იკავებდა. თუმცა დღეს, როცა ბერლუსკონის პარტიის მონაწილეობით პოლიტიკურ კოალიციას სექტემბრის არჩევნებში გამარჯვების შანსი მიეცა, ყოფილმა პრემიერმა პუტინი ცალსახად დაგმო, რომელთანაც მანამდე მეგობრობა აკავშირებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ