რუსეთი 31 აგვისტოდან მზესუმზირის ექსპორტს ისევ დაუშვებს

რუსეთიდან მზესუმზირის თესლის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც 31 აგვისტომდე მოქმედებს, ვადის ამოწურვის შემდეგ აღარ გაგრძელდება. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.

უწყება საკმარისად მიიჩნევს მზესუმზირაზე 50%-იანი საექსპორტო გადასახადის მოქმედებას, რომელიც 2023 წლის 31 აგვისტომდე გაგრძელდება. მზესუმზირის ექსპორტი 50%-იან, თუმცა ტონაზე არანაკლებ 320 დოლარის გადასახადს ექვემდებარება.

ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირისა და რაფსის თესლის ექსპორტი მიმდინარე წლის 1-ლი აპრილიდან აკრძალა, რისი მიზეზიც მზესუმზირის ზეთსა და ზეთოვნებზე მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გახდა. რუსეთის გადამამუშავებელი საწარმოების ნედლეულით დაკმაყოფილების, ასევე, თესლის გადამუშავების პროდუქტებით მეცხოველეობის უზრუნველყოფის მიზნით მზესუმზრის ექსპორტი აიკრძალა.

მაისის ბოლოს, სოჭში გამართულ რუსეთის მარცვლეულის ფორუმზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ოქსანა ლუტი აცხადებდა, რომ 1-ლი სექტემბრიდან მზესუმზირის ექსპორტზე აკრძალვა მანამ არ მოიხსნებოდა, ვიდრე „გადამუშავების სისმძლავრეებისთვის საკმარისი ნედლეული არ დაგროვდებოდა.“ მისი მონაცემებით, ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები 18 მილიონი ტონა „სუფთა მზესუმზირის“ გადასამუშავებლად არის გათვლილი, მაშინ, როცა გასულ წელს 15,7 მილიონი ტონა ნედლეული შეგროვდა. თუ წელსაც, საშუალოდ, იმავე მოცულობას მიიღებენ, ეს სრული დატვირთვისთვის საკმარისი არ იქნება.

„როსსტატის“ მონაცემებით, 2021 წელს მზესუმზირის წარმოებამ ყველა კატეგორიის ფერმაში 15,7 მილიონი ტონა (2020 წელს 13,3 მილიონი ტონა), ხოლო რაფსის თესლის წარმოებამ 2,79 მილიონი ტონა (2020 წელს 2,57 მილიონი ტონა) შეადგინა.

წელს რუსეთში ზეთოვანი კულტურების ფართობი გასული წლის 16,623 მლნ ჰექტარიდან 18,602 მლნ ჰექტარამდე გაიზარდა. კერძოდ, მზესუმზირა, შარშანდელ 9,753 მლნ ჰექტართან შედარებით, 10,033 მლნ ჰექტარზე დაითესა, სოიო - 3,469 მლნ ჰექტარზე (3,068 მლნ ჰექტრის ნაცვლად), ხოლო რაფსი 2,339 მლნ ჰექტარზე (1,685 მლნ ჰექტრის ნაცვლად).

2021 წელს რუსული ზეთისა და ცხიმპროდუქტების მყიდველებს შორის თურქეთი ლიდერობდა, რომელმაც იმპორტის მოცულობა 2,3-ჯერ, 1,3 მლრდ დოლარამდე გაზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ