უკრაინელი მილიარდერების სია და ქონება შემცირდა - ვინ რამდენი დაკარგა ომის 6 თვეში

უკრაინას, რომლის მოსახლეობაც 42.5 მლნ ადამიანს სცდება, Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, სულ 7 მილიარდერი ჰყავს, მაშინ როცა ომის დაწყებისთვის მათი რაოდენობა 8 იყო.

შეცვლილია ყველაზე მდიდრების ქონებრივი მდგომარეობაც.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Forbes-ის რეიტინგში მყოფ ყველაზე მდიდარ უკრაინელებს:

რინატ ახმეტოვი - Forbes-ის მილიარდერთა სიაში პირველია. ფოლადისა და ქვანახშირის ბიზნესში მყოფი ახმატოვი დღევანდელი მდგომარეობით 4.2 მლრდ დოლარს ფლობს. ომის დაწყებისას მას 7 მლრდ ჰქონდა. უკრაინის დაცვის მთავარ ბასტიონად ქცეული აზოვის ფოლადის ქარხნის მფლობელი აპი­რებს, უჩივ­ლოს რუ­სეთს 17-დან 20 მი­ლი­არდ დო­ლა­რამ­დე ზა­რა­ლის გამო, რო­მე­ლიც მას "აზოვსტა­ლის" ფო­ლა­დის ქარ­ხნის გა­ნად­გუ­რე­ბის შე­დე­გად მი­ად­გა.

ვიქტორ პინჩუკი - დღეს მისი ქონება 1.9 მლრდ დოლარია, თებერვალში კი 500 მლნ-ით მეტს ფლობდა. ის არის უკრაინის მილების, ბორბლების და ფოლადის მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მფლობელი. პინჩუკი ასევე არის EastOne Group LLC-ის დამფუძნებელი, რომელიც ლონდონში მდებარეობს და ფინანსური საკონსულტაციო კომპანიაა. ის უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას სიძეა.

ვადიმ ნოვინსკი - ის იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, რომლის ქონებაც არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა პოზიცია ჩამონათვალში. იგივე ქონებით ნოვინსკი თებერვალში მეშვიდე ადგილზე იყო. დღევანდელი მდგომარეობით კი მესამეა 1.3 მლრდ დოლარის ქონებით.

კოსტანტინ ჟევაგო - თებერვალში ის 2 მლრდ-ს ფლობდა, ახლა კი მისი ქონება 1.3 მლრდ დოლარია. დანაკარგმა 700 მლნ შეადგინა. ის იყო პირველი აღმოსავლეთ ევროპელი, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარადგინა თავისი კომპანია - Ferrexpo. ჟევაგო აკონტროლებს "ფინანსები და კრედიტი" ჯგუფს - უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატს. ბიზნესმენი 1998 წლიდან 2019 წლამდე უკრაინის რადას წევრიც იყო.

ვლად იეტსენკო - უცვლელად ფლობს 1.1. მლრდს. იაცენკო, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა - უკრაინა-გაერთიანებული სამეფო, არის Revolut-ის CTO თანადამფუძნებელი. აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფა UBS-ში, Deutsche Bank-სა და Credit Suisse-ში. კომპანია ბრიტანეთში ოპერირებს და აშშ-ს ბაზრის ლიცენზიის მოლოდინშია.

გენადი ბოგოლიუბოვი - არაერთ სკანდალში გახვეულმა მილიარდერმა ომის 6 თვეში 600 მლნ დაკარგა და მისი ქონება 1.7 მლრდ-დან 1.1. მლრდ დოლარამდე შემცირდა. ის იგორ კოლომოისკისთან ერთად ProvatBank-ს და პრივატ ჯგუფს ფლობს და ბანკის სკანდალშიც პარტნიორთან ერთად იყო გახვეული. ასევე, ამ ორმა ბიზნესმენმა 2016 წელს მოაგვარა სარჩელი მილიარდერ ვიქტორ პინჩუკთან, რომელმაც მათ უჩივლა სამთო ინვესტიციებზე შეუსრულებელი დაპირებების გამო და ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა.

იგორ კოლომოისკი - ასევე, ფინანსური სკანდალებით ცნობილ ბიზნესმენს ქონება 6 თვეში 800 მლნ-ით შეუმცირდა. 1.8 მლრდ დოლარიდან 1 მლრდ-მდე. კოლომოისკი ოფიციალურად ბანკირია და PrivatBank-ს დამფუძნებელი. თუმცა, არაერთხელ იყო ბრალდებული სხვადასხვა საქმეებში. ბიზნესმენი, ასევე გახლდათ დნესტრისპირეთის გუბერნატორი, სწორედ ამ დროს უკრაინის მთავრობამ ბანკის ნაციონალიზაცია მოახდინა; გამოძიებამ აჩვენა ფართომასშტაბიანი თაღლითობა ათი წლის განმავლობაში. კოლომოისკის საქმიანობის სხვა სფეროებია: ფეროშენადნობები, ფინანსები, ნავთობპროდუქტები, მასმედია. კოლომოისკის აქვს სამმაგი უკრაინა-ისრაელი-კვიპროსის მოქალაქეობა.

მილიარდერთა სიის მიღმაა, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ე.წ. შოკოლადის მეფე პეტრო პოროშენკო. რომელიც თებერვალში 1.5 მლრდ-ს ფლობდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, უკრაინაშიც მდიდარი ადამიანების უმეტესობა პოლიტიკოსი, ან პოლიტიკასთან აფილირებული ადამიანია.

თამარ მუკბანიანი