პროგრამაში "დანერგე მომავალი" მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღება დაიწყო

პროგრამაში "დანერგე მომავალი" მონაწილეობის მსურველთა განცხადების მიღების პროცესი დღეს დაიწყო.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ პროგრამასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეიდან სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში დაიწყება პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის მიღების პროცესი.

პროექტის "დანერგე მომავალი" განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში სასოფლო სამეურნო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობების მოწყობის გზით. პროექტის "დანერგე მომავალი" ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის განაშენიანების შემთხვევაში, ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს, ხოლო სანერგე მეურნეობის შემთხვევაში მეურნეობის შექმნის ღირებულების 50%-ს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბაღის გაშენების ან სანერგე მეურნეობის მოწყობის სრულად დაფინანსების მიზნით, სახელმწიფო თანადაფინანსებასთან ერთად ბენეფიციარს შეუძლია ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით. გარდა სახელმწიფო თანადაფინანსებისა, პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები მიიღებენ დამატებით სარგებელს, კერძოდ, სასოფლო-სამეურნო კოოპერატივები საჩუქრად მიიღებენ შესაწამლ აპარატებს. ყველა ბენეფიციარს აუნაზღაურდება ნიადაგის ლაბორატორიული შემოწმების ღირებულება კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ყველა ბენეფიციარი მიიღებს ტენიკურ დახმარებას ბაღის, სანერგე მეურნეობის მოვლის პრაქტიკული ტრენინგისა და თეორიული კურსის შედეგად.

პროგრამის წარმატებით განხორციელების შედეგად 1 000-1 200 ჰექტარზე გაშენდება თანამედროვე ტიპის ბაღი და 30-40 ახალი თანამედროვე სანერგე მეურნეობა, რაც დანელიას განცხადებით, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების, ხოლო მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.