ვის ეკუთვნის და როგორია იმ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც 45 ათასი ლარით დააჯარიმეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ქალაქ ფოთში განთავსებულ შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" მეტალურგიული წარმოების უფლება, სასამართლოს დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ადმინისტრაციული მიწერილობით შეუჩერა. ამასთან, უწყებამ კომპანია 45 ათასი ლარით დააჯარიმა.

„მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია" საქართველოში 2011 წლიდან ოპერირებს. საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი იმ დროს ინდოეთის მოქალაქე შასტრი ვივაშვატკუმარ რედეშა იყო. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 32,6%-ს თურქეთის მოქალაქე ეიუბოღლუ ჰამდი კემალეტტინი ფლობს. 34% ასევე თურქეთის მოქალაქეს ეიუბოღლუ ჰამდი ალაედდინის ეკუთვნის. 16.7%-16.7%-იანი წილის მფლობელები კი არიან დავით მირცხულავა და ზაზა მირცხულავა. კომპანიის დირექტორია გიორგი ნანავა.

კომპანიის 2020 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, (2021 წლის ანგარიშგება ჯერ გამოქვეყნებული არ აქვს) „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯიას" ამონაგებმა 40 549 945 ლარი შეადგინა, პროდუქციის თვითღირებულება იყო 41 353 958 ლარი. ამასთან, კომპანია 202 წელს 10 793 460 ლარის ზარალზე გავიდა. საანგარიშო პერიოდში კომპანიის აქტივები შეადგენდა 31 600 672 ლარს, ვალდებულებები კი 66 786 854 ლარს.