ცოტნე დადიანის გამზირზე გზის კაპიტალური შეკეთება დაიწყო

ცოტნე დადიანის გამზირზე, ე.წ. "მალაკნების" ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე მონაკვეთის გზის საფარის კაპიტალური შეკეთება დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს ავთანდილ სუდაძესთან და ჩუღურეთის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დაათვალიერა. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერმა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა დიდუბის რაიონში, დები იშხნელების ქუჩაზე მიმდინარე ორმოული შეკეთების სამუშაოები დაათვალიერეს. 2015 წელს დედაქალაქის მასშტაბით, ყველა რაიონში ორმოულ შეკეთებებზე 3 000 000 ლარი დაიხარჯება.

თბილისის მერის თქმით, დადიანის ქუჩაზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. "ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები და ტროტუარები, მოიხსნება ძველი და დაიგება ორფენიანი ასფალტის საფარი, რითაც საბოლოოდ გადაიჭრება არსებული პრობლემა და თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა ექნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება გზების ორმოულ შეკეთებებს, თბილისის მერის თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია დედაქალაქის ყველა რაიონში. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, დადიანის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "ძამა" აწარმოებს. მისივე თქმით, სამუშაოების დასასრულებლად კონტრაქტორ კომპანიას 3 თვის ვადა აქვს, თუმცა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად, შესაძლოა სამუშაოები უფრო მალე დასრულდეს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 599 998 ლარია გამოყოფილი.