„ჩვენით, ამ ყველაფრის გამოსწორება ძალიან ნელი ტემპით მოხდება“ - როგორ გეგმავს  სარესტორნო ბიზნესი კადრების დეფიციტის შევსებას

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის თქმით, კადრების პრობლემა საქართველოში კვლავ მწვავედ დგას.

„სეზონის დროს ეს პრობლემა ისევ რთულად დგას. ცოტა ხანში ეს პრობლემა შედარებით იმით დაკომპენსირდება, რომ ზღვისპირეთიდან დაბრუნდება ნაწილი, სადაც ზაფხულში საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. თუმცა, ეს დიდად არაფერს ცვლის და ამ პრობლემას უფრო გლობალური მიდგომა სჭირდება. საქართველო ტურიზმზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში გაიზრდება რესტორნების, სასტუმროების რაოდენობა და კადრების პრობლემა, თუ მანამდე არ მოგვარდა, კვლავ მწვავედ იდგება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება უცხოეთიდან კადრების ჩამოყვანას, ბურჯანაძის თქმით, ეს გარდაუვალი პროცესი და ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან სფეროს განვითარება სხვაგვარად წარმოუდგენელია. „უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან კადრების ჩამოყვანას აქამდეც ვაპირებდით, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა. მომავალში ეს აუცილებლად მოხდება“.

მისი თქმით, ამ საკითხში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. „სამომავლოდ ვაპირებთ მივმართოთ სხვადასხვა უწყებებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკის სამინისტრო ან ტურიზმის დეპარტამენტი, რათა შეიქმნას პროგრამა და ერთად თანამშრომლობით მოხდეს კადრების სწორად გაზრდა.

მაგალითად, უკვე არსებობს მზარეულების გადასამზადებელი სპეციალური დაწესებულება და ეს საკმარისი არ არის. ამ სფეროში საჭიროა როგორც კვალიფიციური მზარეული, ასევე მიმტანი, ვაიზერი და ა.შ“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შოთა ბურჯანაძემ.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, „თუ ეს პრობლემა დროულად არ აღმოიფხვრა, ის გახდება კიდევ უფრო აქტუალური. ჩვენით, ამ ყველაფრის გამოსწორება ძალიან ნელი ტემპით მოხდება - მაგალითად, თუ საჭიროა 5-10 წელი, ჩვენ მოვუნდებით 15 და 20 წელიწადი“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ეკა დარჩიაშვილი