”გამოდის, ცხვარი უნდა გავანადგუროთ?"

სოფლის საერთო საძოვრებზე, ბრუცელოზზე შეუმოწმებელი ცხვრის გაშვების გამო, ფერმერებს პასუხი მოეთხოვებათ.

ამის შესახებ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს, კასპის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ზურაბ პარკაძემ მუნიციპალიტეტის გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სოფლის გამგებლებს ინსტრუქცია მიეცათ იმის შესახებ, თუ როგორ გამოავლინონ თავის ტერიტორიულ ერთეულში ბრუცელოზის მატარებელი ცხვრები...

,,ბრუცელოზის მატარებელი ცხვარი აუცილებლად ბერწი ხდება. მეპატრონეები ამას მალავენ, რადგან გამოვლენის შემთხვევაში ცხვრის განადგურება მოუწევთ. ამიტომ გთხოვთ, მაქსიმალური ყურადღება მიაქციოთ ამ ფაქტებს. დააძალოთ ფერმერები, რომ ცხვარს სისხლის ანალიზი აუღონ და ცნობა ჰქონდეთ. ასეთი ცხვარი ადვილად გამოსაცნობია, ის ბერწი ხდება", - განუცხადა პარკაძემ სოფლის ხელმძღვანელებს.

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებას ფერმერებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. კერძოდ, მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეცდომას უწოდებს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი.

-  ამ ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადებიდან არც ერთი წინადადება სინამდვილეს არ შეესაბამება. როგორც ჩანს, ამ სიტყვების ავტორმა რაღაც ვერ გაიგო. თავად ვიყავი სურსათის უვნებლობის სამსახურში და ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. არადა, ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელებას ფერმერებში პანიკა მოჰყვა, - გამოდის, ცხვარი უნდა გავანადგუროთო? ვისაც ამ სფეროსთან შეხება ჰქონია, ეცოდინება, რომ ცხვარზე, გარეგნული დათვალიერებებით ბრუცელოზის გამოვლენა დაახლოებით ისეთია, ადამიანს სისხლის გათეთრება ჰქონდეს და სახეზე შეატყო. ბრუცელოზი ეს არის სისხლის დაავადება, რომლის სხვადასხვა ფორმა არსებობს, მაგრამ პიროპლაზმოზის ან "ყვავილისგან" განსხვავებით (რომელთაც გარეგნული გამოხატულებები აქვთ, - ნაბარევი, ციება, დასიცხვა), ბრუცელოზი გარეგნულად არ ჩანს. მისი გამოვლენის ერთადერთი საშუალება სისხლის ანალიზი ან რძის გამოკვლევაა. ყველაზე გავრცელებულია სისხლის ანალიზის გამოკვლევა.

- სწორედ სისხლის ანალიზზე იყო საუბარი სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში..

- დიახ, მაგრამ ერთი ანალიზის ფასი, რომლის გამოკვლევა ლაბორატორიაში უნდა მოხდეს, 5 ლარი ღირს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, ლაბორატორიაში სისხლის მიტანა, ვეტექიმის დაქირავება, სინჯების აღება, - ასევე ხარჯებთან არის დაკავშირებული. ასე რომ, კერძო ფერმერისთვის, რომელსაც 10-20 სული ცხვარი ჰყავს, დიდი ხარჯია და არავინ გააკეთებს. ხოლო თუ მათ ამის გაკეთებას დააძალებენ და საერთო საძოვრებით სარგებლობას აუკრძალავენ, როგორც ის ადამიანი ამბობდა, პირდაპირ ნიშნავს, რომ ფერმერებმა ცხვარი უნდა გაწყვიტონ. ხოლო თუ განადგურების საკითხი დადგება, ისინი კომპენსაციას მოითხოვენ და აუნაზღაურებს სახელმწიფო ფერმერებს განადგურებული ცხვრის კომპენსაციას?.. გარდა ამისა, ამ ადამიანის თქმით, ცხვარში უფრო მეტია ბრუცელოზის შემთხვევა, ვიდრე ძროხაში, - არადა, თავად ჩავატარე ამის გამოკვლევა და აღმოვაჩინე, რომ ცხვარში ამ დაავადების გავრცელების მაქსიმუმი 3,6%-ია, მინიმუმი – 0,5%-1%. ხოლო ყველა სოფლის ნახირში, სადაც კი ძროხა ჰყავთ, ამ დაავადების პროცენტული მაჩვენებელი ბევრად მაღალია.

- ეს ფრაზა რამდენიმე დღეა იუმორის საგნად იქცა, - ბრუცელოზი მართლა იწვევს ცხოველის სიბერწეს?..

- არა, სიბერწესთან ბრუცელოზი არაფერ შუაშია, - შესაძლოა, საქონელი ბრუცელოზის მატარებელი იყოს და არც გაბერწდეს. ამ დაავადებას რამდენიმე ფორმა აქვს, - მწვავე, საშუალო და ა.შ...ერთი სიტყვით, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ამ ადამიანს შესაბამისი ცოდნა არ ჰქონდა. ბრუცელიოზიანი ცხვრის გაბერწება შესაძლებელია თუ დაავადება მწვავე ფორმით მიმდინარეობს, ხოლო თუ დაავადება ქრონიკულია, საქონელს არანაირი  ნიშანი არ აქვს.

- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს ინიციატივის შესახებ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა. მაშ რას ავალდებულებს ეს უწყება ფერმერებს?

- დავალდებულებით - არაფერს. როდესაც რამე გასაკრიტიკებელია, მე ამას ლამის ყველაზე პირველი ვაკეთებ, მაგრამ ახლა ნამდვილად კარგი ჩანაფიქრი აქვთ. გასული წლიდან დაიწყო კვლევა, ოღონდ მხოლოდ მსხვილ რქოსან პირუტყვში, - თუ რა ტიპის ბრუცელოზის სახეობებია გავრცელებული, რათა ამის მიხედვით შემოვიდეს კონკრეტული ვაქცინა, საქონლის ასაცრელად. თუმცა ეს არის დაახლობით 2-3 წელზე გათვლილი პროგრამა. ეს არის რეალური ინფორმაცია. ვისაც ამ სფეროსთან შეხება აქვს, მიხვდება, რომ სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სრულიად განსხვავებულ პროექტებს უჭერს მხარს და არა ქართული ცხვრის განადგურებას. რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე, ცხვრის შემოწმება მხოლოდ მისი ექსპორტის დროს ხდება, ისიც, იმ შემთხვევაში, თუ მიმღები ქვეყანა ითხოვს. მაგალითად, აზერბაიჯანი არ ითხოვს, მაგრამ არაბულ ქვეყნებში შესაბამისი ანალიზის პასუხები უნდა წარადგინო.

ლალი პაპასკირი