ევროკავშირმა ენერგეტიკულ კომპანიებს შესაძლოა, ჭარბი მოგების გადასახადი დაუწესოს

ევროკავშირი ენერგეტიკული კომპანიების გაზრდილ მოგებაზე ეროვნულ დონეზე გადასახადების შემოღებას ცდილობს. ინფორმაციას Financial Times (FT) წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპელი მმართველები მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის ელექტროენერგიის მაღალი ღირებულების კომპენსაციის გზებს ეძებენ. შესაძლო გადასახადებზე ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები პარასკევს, 9 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელებენ. FT-ის წყაროების ცნობით, გადასახადები შესაძლოა, შეეხოს როგორც წიაღისეული ენერგიის მიმწოდებლებს, ასევე, ეკოლოგიურ, დაბალი ნახშირბადის გენერირების, მაგალითად, ატომური ელექტროსადგურებისა და ქარის ტურბინების კომპანიებს.

გაზეთი წერს, რომ ხელისუფლება შეეცდება, ეს გადასახადები გაჭირვებული მომხმარებლებისა და ოჯახების მხარდასაჭერად გამოიყენოს. FT-ის შეფასებით, ელექტროენერგიის ღირებულება ევროპაში მკვეთრად გაიზარდა, რაც გაზის ფასს იმის მიუხედავად უკავშირდება, გამოიყენება თუ არა ბუნებრივი აირი ამ ენერგიის გამომუშავებისთვის. ამჟამად გაზი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 12-ჯერ უფრო ძვირია.

5 სექტემბერს ევროკომისიის ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა წინადადებით, რუსეთიდან მილსადენებით შემოსული გაზის ღირებულება შეიზღუდოს, ხოლო ენერგეტიკული კომპანიების ჭარბ მოგებაზე გადასახადი დაწესდეს, თუმცა მექანიზმი არ დაუზუსტებია. ფონ დერ ლეიენის თქმით, ბრიუსელი უზრუნველყოფს, რომ მწარმოებელ კომპანიებს საკმარისი ლიკვიდობა ჰქონდეთ.

ევროპაში ენერგეტიკული კრიზისი რუსული გაზის შეზღუდული მიწოდების გამო გაჩნდა. გაზსადენ Nord Stream-ის მეშვეობით მიწოდება საპროექტო სიმძლავრიდან ჯერ 20%-მდე შემცირდა, ხოლო 31 აგვისტოდან მთლიანად შეწყდა. ექსპორტი 2 სექტემბრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა იმ დღეს „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ ზეთის გაჟონვის აღმოჩენის გამო მილსადენის ექსპლუატაციას მანამ არ დაიწყებს, ვიდრე გაუმართაობა არ გამოსწორდება, რადგან არსებობს ზეთის აალების, ხანძრისა და აფეთქების საფრთხე. კომპანიას კონკრეტული ვადა არ დაუსახელებია. თუმცა Siemens Energy, რომელიც ტურბინებს ემსახურება, გაზის ექსპორტის შესაჩერებლად ტექნიკურ მიზეზს ვერ ხედავს.

გუშინ გაზის ფიუჩერსების ფასი, ევროკავშირის მოსალოდნელი გადაწყვეტილების ფონზე, თითქმის, 3%-ით დაეცა და 1 მგვტ/სთ-ზე 238,6 ევრო შეადგინა, ხოლო აუქციონზე ფასები 13%-ით შემცირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ