ასოცირების საბჭო - მივესალმებით კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო მიესალმა კოვიდ-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას, რის შედეგადაც 2021 წელს საქართველოს მშპ გაიზარდა 10.4%-ით და ეს პოზიტიური ტენდენცია გაგრძელდა 2022 წლის პირველ თვეებშიც,- ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომის შესახებ, საბჭოს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ამასთან, განცხადების თანახმად, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი.

„ასოცირების საბჭომ განმეორებით აღნიშნა ევროკავშირის წვლილი 2020-2021 წწ. საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობასა და საერთო მედეგობაში.

ასოცირების საბჭო მიესალმა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და რომ ქართული ექსპორტი ევროკავშირში გაიზარდა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საერთო ამბიციას, რომ გაიზარდოს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის სავაჭრო ბარიერების, მიზნობრივად, შემდგომი გაუქმების გზით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების საგზაო რუკის პირველი ფაზით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის დავების გადაწყვეტის ახალი ორგანოს ჩამოყალიბებას, რამაც შედეგად ბაზარზე გაზრდილი წვდომა მოუტანა მას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის გაზრდის მნიშვნელობასა და საერთო ინტერესს ისეთ ძირითად სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ციფრული სექტორი, და განმეორებით აღნიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში შეთანხმებული საფლაგმანო ინიციატივების პოტენციალი. ასოცირების საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის როლს ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში და განსაკუთრებით აღნიშნა ქვეყნის სატრანზიტო ფუნქცია კასპიის ნახშირწყალბადის რესურსების მიწოდებაში სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით. ამ კონტექსტში, ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა შავი ზღვის მნიშვნელობა.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ინტერესს ევროს ერთიანი გადახდის სისტემაში გაწევრიანების კუთხით და გამოხატა სურვილი, დაეხმაროს საქართველოს კრიტერიუმების დაკმაყოფილებაში. ევროკავშირი ასევე მიესალმა საქართველოს დაინტერესებას ევროკავშირის ერთიანი ბაზრის პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს ასოცირებას ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (Fiscalis) პროგრამებთან.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს ნაბიჯებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების პროცესში და მოუწოდა მას, გააგრძელოს მუდმივი ძალისხმევა, მათ შორის თავშესაფრის უსაფუძვლო განაცხადების საკითხის გადაჭრისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ევროკავშირი მიესალმა „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების აღსრულებას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის, როგორც რეგიონული ფორმატის, მნიშვნელობას და რეგიონში არსებულ რეალობებთან მისი ადაპტირების საჭიროებას.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ძლიერ ჩართულობას „ერასმუს+“, „ჰორიზონტი ევროპის“ და „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამებში.

სხდომას თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.