2022 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 9.1%-ით გაიზარდა

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის II კვარტალში 351.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 9.1 %-ით მეტია.

საქსტატის ცნობით, 2022 წლის II კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 2.3-ჯერ გაიზარდა და 90.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 68.3 %-ით განისაზღვრა.

2022 წლის II კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა - პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 64.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 18.4 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ნიდერლანდები - 44.8 მლნ. აშშ დოლარით (12.7 %), ხოლო მესამეზე იაპონია - 41.8 მლნ. აშშ დოლარით (11.9 %).

ამასთან, 2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 76.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.8 %-ია. მეორე ადგილს იკავებს უძრავი ქონების სექტორი - 75.6 მლნ აშშ დოლარით (21.5%), ხოლო მესამეზე იმყოფება საფინანსო სექტორი 47.6 მლნ აშშ დოლარით (13.5 %).

თამარ მუკბანიანი