საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი შეიქმნება

საქართველოს პარლამენტმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილებების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში მეხანძრე-მაშველთა სპეციალური სასწავლო ცენტრი შეიქმნება.

სასწავლო ცენტრი მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის საჭირო შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღიჭურვება, რაც მეხანძრე-მაშველთა სრულყოფილ მომზადებას და გადამზადებას უზრუნველყოფს.

დღეისთვის მეხანძრე-მაშველთა სწავლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ახორციელებს.

გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველთა წახალისების ახალი ფორმები საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა. კერძოდ, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის, წახალისების ფორმით, მეხანძრე-მაშველის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოვება.

ასევე, მიღებული კანონით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები დარეგულირდა.