Nord Stream 2 AG-ის გაკოტრება ისევ ოთხი თვით გადაიდო

შვეიცარიის სასამართლომ გაზსადენ Nord Stream 2-ის ოპერატორი კომპანიის, Nord Stream 2 AG-ის მოთხოვნით მისი გაკოტრების პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ შვეიცარიის სავაჭრო ბიულეტენში არის ნათქვამი.

ზუგის კანტონის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში 10 სექტემბერს შევა და 2023 წლის 10 იანვრამდე გაგრძელდება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „განმცხადებელს კრედიტორებისთვის გადახდაზე მორატორიუმი გაუხანგრძლივდა.“ სასამართლომ, Nord Stream 2 AG-ის მოთხოვნით, კომპანიის სესხების გადახდაზე დროებითი მორატორიუმი ოთხი თვით გაახანგრძლივა, ხოლო კომპანია Transliq AG-მა დროებითი მენეჯერის სტატუსი შეინარჩუნა.

გაკოტრების პროცესის შეჩერების წინა ვადა 10 სექტემბერს იწურებოდა, რა გადაწყვეტილებაც ზუგის კანტონის სასამართლომ მაისში მიიღო. თებერვალში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები აღიარა, გერმანიამ Nord Stream 2 გაზსადენის სერტიფიცირება გაყინა, ხოლო შეერთებულმა შტატებმა მისი ოპერატორი კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სერტიფიცირების გარეშე გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება შეუძლებელია. კომპანიამ ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

Nord Stream 2, რომელიც რუსეთსა და გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით აკავშირებს, გასული წლის სექტემბერში დასრულდა. მის გასაშვებად მილსადენის ოპერატორს, Nord Stream 2 AG-ს ნებართვა გერმანული და ევროპული რეგულატორებისგან უნდა მიეღო. ნოემბერში გერმანიის მარეგულირებელმა ქვეყნის კანონმდებლობასთან პროექტის შეუსაბამობის გამო სერთიფიკაცია შეაჩერა. თუმცა 2022 წლის დასაწყისში Nord Stream 2-ის ოპერატორმა გერმანიაში შვილობილი კომპანია დააარსა, რითიც შეუსაბამობა აღმოფხვრა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ