,,დღე არ გავა, რომ 5-6 ადამიანი არ მოიყვანონ იზოლატორში განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის“ -  შსს მინისტრის მოადგილე

ნოემბერში ამოქმედებული ცვლილებების შედეგად, დღეის მდგომარეობით, 1000-ზე მეტი პირი ადმინისტრაციული პატიმრობის ქვეშ არის ნამყოფი - ამის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ შსს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

საუბარია პირებზე, რომლებსაც მართვის უფლება შეჩერებული ჰქონდათ, თუმცა მიუხედავად ამისა, ნასვამ მდგომარეობაში მართავდნენ ავტომობილს.

„ამ ეტაპზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის მხოლოდ ავტომობილის მესაკუთრე ჯარიმდება. ასეთია კანონში ჩანაწერი. ტექნიკურად და სამართლებრივად ეს პრობლემაა, რადგან შეიძლება, რომ მესაკუთრე არ მართავდეს. გავიზიარებთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების გამოცდილებას, რომ მექანიზმი შეიცვალოს და დაიხვეწოს. ამ ეტაპზე საუბარია, 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებში ჯარიმის გაორმაგებაზე.

საბოლოო ჯამში, მოსახლეობისთვის კარგად რომ იყოს ახსნილი. საქართველოში, გზებზე სიკვდილიანობის საკმაოდ მაღალი პროცენტია. ამას იწვევს ორი ფაქტორი, ნასვამი მძღოლი და გადაჭარბებული სიჩქარე. ნასვამ მძღოლებთან დაკავშირებით, გასული წლის ნოემბერში განვახორციელეთ ცვლილებები და ადმინისტრაციული პატიმრობა დაწესდა პირებისთვის, ვისაც მართვის მოწმობა შეჩერებული ჰქონდა და მაინც, ნასვამ მდგომარეობაში დაჯდა საჭესთან. დღეის მდგომარეობით, 1000-ზე მეტი პირი ადმინისტრაციული პატიმრობის ქვეშ არის ნამყოფი. პატიმრობის ვადა ძირითადად 10 დღეა. მაქსიმალური ვადა 15 დღეა. დამატებით არის ჯარიმა 2 000 ლარი და მეტი. ასევე, 1 წლით ხანგრძლივდება მართვის მოწმობის შეჩერება. გამოდის, რომ 3 კომპონენტით ჯარიმდებიან.

შედეგად, მნიშვნელოვნად არის შემცირებული მსგავსი ქმედებები, მაგრამ მაინც, დღე არ გავა, რომ 5-6 ადამიანი არ მოიყვანონ იზოლატორში მოსამართლის მხრიდან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის შეფარდებული პატიმრობით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ ,,საქმეში“.

თამარ მუკბანიანი