ბიუჯეტს ჯარიმებიდან და საურავებიდან შემოსავალი 34,4 მლნ ლარით გაეზარდა

ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 34,4 მლნ ლარით, დაახლოებით 31%-ით გაიზარდა. როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2022 წლის 7 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 146,403 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 111,991 მლნ ლარი.

საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, წელს იანვარ-ივლისში ყველაზე მეტი თანხა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა, კერძოდ, 89,458 მლნ ლარი.

რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:

  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო - 72,113 მლნ ლარი
  • სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო - 9,771 მლნ ლარი
  • მმართველობის წესის ხელმყოფი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო - 4,794 მლნ ლარი
  • არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო -3,820 მლნ ლარი
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობასა და კავშირგაბმულობის დარგში - 2,375 მლნ ლარი
  • დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო - 2,135 მლნ ლარი
  • შემოსავლების სამსახურის მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტზე - 1,199 მლნ ლარი
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში - 956,084 ლარი
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში გამოვლენილი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ - 816,646 ლარი
  • შემოსავალი ჯარიმებიდან ან/და საურავებიდან შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისათვის“ - 810,768 ლარი
ნინი ქეთელაური