"ველით, რომ ინფლაცია შემცირებას იანვარ-თებერვლის თვეში დაიწყებს და დაახლოებით 2023 წლის შუაში უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს მიუახლოვდება"

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, სასურსათო პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს პრობლემაა, რასაც ის ძალიან განიცდის.

როგორც გვენეტაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უკვე დაბრუნდა ეკონომიკური ზრდა, რის შემდეგაც შემცირდება ინფლაციაც და სიღარიბის დონეც.

„აბსოლუტურად მესმის როგორც პიროვნულად, ასევე, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ძალიან განვიცდი ამას, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვენს მსგავს სიტუაციაში არიან ასევე სხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები. მაგალითად, ჩვენ თუ შევხედავთ გაერო-ს სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის ინდექსს, ძალიან მაღალი, რეკორდული ზრდა დაფიქსირდა სასაქონლო ბაზრებზე, იგივე ზეთთან, შაქართან დაკავშირებით. ასე რომ, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს არის მსოფლიოს პრობლემა. მე რა თქმა უნდა ისიც მესმის, რომ ეს სოციალურად საკმაოდ დიდ გამოწვევას ქმნის. პროდუქტების ჯგუფის თარგეთირება აბსოლუტურად შეუძლებელია და ამას ეროვნული ბანკი ვერ აკეთებს, მაგრამ როდესაც ეს სოციალურ ფონს ცვლის, ამ შემთხვევაში უკვე ფისკალურმა მხარემ უნდა აიღოს თავისი ტვირთი, უნდა გაიზარდოს სოციალური დახმარება. ზოგადად, მსოფლიოში პანდემიის შემდეგ სიღარიბე გაიზარდა, ასევე იქნებოდა საქართველოშიც, მაგრამ მას შემდეგ, რაც სწორი პოლიტიკით მოხდა ამასთან გამკლავება, უკვე დაბრუნდა ეკონომიკური ზრდა, შემცირდება ინფლაციაც და სიღარიბის დონეც აუცილებლად შემცირდება“,-განაცხადა გვენეტაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ლარს მსყიდველობითი უნარი იგივე არ აქვს, რაც ადრე ჰქონდა.

„აბსოლუტურად მესმის, რომ მსყიდველობითი უნარი ლარს იგივე არ აქვს, რაც ადრე იყო, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს მარტო საქართველოში არ არის, მსოფლიოს უმრავლეს ქვეყნებში ასეა. მსყიდველუნარიანობა დაეცა, მაგალითად, ცოტა ანეკდოტური შედარებაა და შეგიძლიათ მოძებნოთ ეს ინფორმაცია, მაგალითად, აშშ-დან მექსიკაში გადადიან ბენზინის საყიდლად. ანუ, ეს მთელი მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოწვევაა დღეს“,-განაცხადა გვენეტაძემ.

ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ ინფლაცია შემცირებას იანვარ-თებერვლის თვეში დაიწყებს.

„იმ პროგნოზებით, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, წლიური ინფლაცია ამ წლის ბოლომდე დაახლოებით დღევანდელ დონეზე შენარჩუნდება. საშუალო წლიური მაჩვენებელი ალბათ, დაახლოებით 9,5 % იქნება, სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ველით, რომ ინფლაცია შემცირებას იანვარ-თებერვლის თვეში დაიწყებს და დაახლოებით 2023 წლის შუაში უკვე მიზნობრივ მაჩვენებელს 3%-ს მიუახლოვდება“,-განაცხადა გვენეტაძემ.