ხატია დეკანოიძე - ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი, რადგან ავიაკომპანია, რომელსაც ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთი გადააქვს, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ

ეკონომიკის სამინისტროს განცხადება არის ტყუილი და მცდარი ინფორმაცია, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, კომპანია, რომელსაც გადააქვს სამხედრო ტვირთი ირანიდან, რა თქმა უნდა, დასანქცირებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, - ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სანქცირებული კომპანიის მიერ სამხედრო ტვირთის საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით რუსეთში გადატანასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, მსგავს ნაბიჯებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია იქნება სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პირების მიმართ.

„ყველამ ნახეთ „ვაშინგტონ პოსტში“ მაკფოლის სტატია, რომელიც არის სანქციების ჯგუფის თანაავტორი ერმაკთან ერთად. მაკფოლი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს არაფორმალურ მმართველ ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ დასანქცირდება, რადგან ხელს უწყობს რუსეთის ბარბაროსულ აგრესიას. ეს კომპანია (რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით ისარგებლა საქართველოს ცით) არის დასანქცირებული აშშ-ის მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საქართველოს სახელმწიფო გადააქციოს ტერიტორიად, რომელიც გვერდს უვლის სანქციებს. ამიტომ, ასეთი იქნება რეაქცია და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა გვესმის უკრაინელი პარტნიორებისგან, ახლა უკვე საერთაშორისო პრესისგან და ასევე და ვნახეთ USAID-ის განცხადება კლეპტოკრატიულ რეჟიმთან დაკავშირებით,“-განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისათვის, ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანულმა ავიაკომპანიამ "ირან ეარ კარგომ" ნამდვილად შეასრულა რეისი ერევანი - მოსკოვის მიმართულებით და საქართველოს საჰაერო სივრცეში სულ 10 წუთი დაყო, მაგრამ „ირან ეარ კარგო“ არ არის სანქცირებული და რეგულარულად ასრულებს რეისებს როგორც თბილისის, ასევე ევროპის სხვა ქალაქების მიმართულებით.