რა ეღირება კრიპტოვალუტით მოვაჭრე პროვაიდერების  ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია

საქართველოში კრიპტოვალუტების რეგულირება იგეგმება. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა. როგორც მაშინ სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავდა, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა. ახლა კი სებ-ისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი უკვე პარლამენტშია.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით განსაზღვრული რეგულირების ჩარჩო პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას შენიშვნა გამოითქვა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის მოსაკრებლის ოდენობის შემცირების შესახებ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას განცხადებით, შენიშვნა გათვალისწინებულია და რეგისტრაციის მოსაკრებელი პროექტით წარმოდგენილი 10 ათასი ლარის ნაცვლად, 5 ათასი ლარი იქნება.

ცნობისთვის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერი (VASP) არის საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მომსახურებას:

ვირტუალური აქტივებისა და ფიატური ვალუტის გადაცემა ან გაცვლა, ან სხვადასხვა სახის ვირტუალური აქტივის გადაცვლა;

ვირტუალური აქტივების შენახვა/ადმინისტრირება;

ვირტუალური აქტივების გამოშვებასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურება.

თაია არდოტელი