,,შემაშფოთებელია, რომ ცვლილებების  შესახებ, რომელიც ჩვენს სისტემაში უნდა განხორციელდეს საქმის კურსში არ გვაყენებენ"

მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებასა და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისთვის ახალი სანებართვო პირობების შემოღებას გეგმავს.

დიდუბის ავტოსადგურის მფლობელი, ნესტორ მიქატაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ რეგულირება აუცილებელია, თუმცა სამწუხაროა, რომ ამას სახელმწიფო ბიზნესთან კომუნიკაციის გარეშე აკეთებს.

,,პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, სადაც ეწერება, რა არის სანებართვო სისტემა მგზავრთ გადაყვანისათვის, ყველას აქვს უფლება გადაიყვანოს მგზავრი. მე შემიძლია გაჩვენოთ 2015-დან 2021-წლამდე გაგზავნილი წერილები სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში, საიდანაც ერთადერთი პასუხი მოგვდის, რომ მომზადებულია კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. რეალურად კი ამ კუთხით, ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა.

ყველა ახალი მინისტრის ცვლილებისას მე და რამდენიმე კეთილსინდისიერი სხვა ავტოსადგურების მფლობელები თავიდან ვწერდით განცხადებებს, სადაც დეტალურად გვქონდა ახსნილი, როგორ უნდა განხორციელდეს პრაქტიკაში წესების მიხედვით მგზართგადაყვანები. როგორც ვთქვი, პასუხი იყო ერთი, რომ საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანები სანებართვო საქმიანობას არ წარმოადგენს და კანონპროექტი უკვე მომზადებულია.

ჩვენ ბოლოს რამდენიმე თვის წინაც შევხვდით სამინისტროს წარმომადგენლებს და ვთხოვდით, ეჩვენებინათ რაზე მიდის მუშაობა, მაგრამ ეს არ გვაღირსეს. ხაზგასმით ვამბობ, საქალაქთაშორისო მგზავრთგადამყვან სისტემაში არსებული ხარვეზები ზიანს აყენებს სახელმწიფოს, კანონიერ მეწარმეს. მთავარი, მოხმარებელს რამდენი მგზავრიც გადაჰყავთ ავტოსადგურებიდან ლეგალურად, ზუსტად ერთი იმდენი გადაყავს უკანონოდ არა სერთიფიცირებული გადამყვანებს.

შემაშფოთებელია, რომ ცვლილებების შესახებ, რომელიც ჩვენს სისტემაში უნდა განხორციელდეს საქმის კურსში არ გვაყენებენ" - განაცხადა მიქატაძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან".

ცნობისათვის, როგორც მთავრობის დოკუმენტშია აღნიშნული, დღეს სრულად მოხდა სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება. ასევე ხორციელდება სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანები. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ ავტოსადგურების ნაცვლად მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

თამარ მუკბანიანი