ასობით მძღოლი უკანონოდ დააჯარიმეს?

”სიტი პარკმა” გაჩერების ამკრძალავი ახალი ნიშნები უნებართვოდ დადგა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილი კანდიდატი და სამართლის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ კახნიაშვილი კომპანია ”სიტი პარკსა” და დედაქალაქის მერიის ყოფილ ხელმძღვანელობას შორის კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს და პროკურატურას საქმის შესწავლისკენ მოუწოდებს. მან ერთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომლის განხილვა 11 მარტსაა ჩანიშნული.

”დედაქალაქის ცენტრში მრავალ ადგილზე სრულიად გაუმართლებლად (და არცთუ იშვიათად კანონის დარღვევით...) დგას საგზაო ნიშნები - ”გაჩერება აკრძალულია”, თუმცა გზის ამ მონაკვეთებზე გაჩერებული ავტომობილები არც სხვა სატრანსპორტო საშუალებებს აფერხებენ და არც ფეხით მოსიარულეებს უქმნიან რაიმე პრობლემას. ფაქტობრივად ისინი მძღოლებს ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, შემდეგ, ჯარიმებისგან მიღებული თანხები ე.წ. ატკატების სახით უბრუნდება მერიის მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ეს კორუფციული სქემა დანერგეს”, - უთხრა ”მთელ კვირას” კახნიაშვილმა.

მან ამ ფაქტების გასამყარებლად კონკრეტული რამდენიმე ადგილი დაასახელა და ბადაშვილის უწყებას შესაბამისი ფოტომასალაც გაუგზავნა.

”რუსთაველის გამზირის დასაწყისში, მაღაზია ”ისი პარისთან” კუთხეში დგას ნიშანი, რომ მანქანის გაჩერება აკრძალულია, არადა, რეალურად მანდ მანქანის დაყენებით ხელი არავის შეეშლება. ასევეა საჯარო ბიბლიოთეკის უკან, ელიავას ბაზრობაზე და კოლმეურნეობის მოედანზე, სადაც საკმაო დიდი გზაა და მანდ სატრანსპორტო საშუალების დაყენება პრობლემას არავის შეუქმნის. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, ხელოვნურ ბარიერებს გვიქმნიან, რომ დაახლოებით 400 ათასი მძღოლისგან 70-70 ლარი აიღონ”, - გვითხრა კახნიაშვილმა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კახნიაშვილი აცხადებს, რომ ”სიტი პარკი” ზოგ შემთხვევაში საკუთარი შეხედულებით, მერიასთან შეთანხმების გარეშე ამონტაჟებს ქუჩაში ავტომობილის გაჩერების ამკრძალავ ნიშნებს, რაც მერიასა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. მისივე ცნობით, ეს ფაქტი სასამართლოზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა შალვა ოგბაიძემაც დაადასტურა.

მისივე თქმით, 2007 წლის 7 დეკემბერს მერიასა და ”სიტი პარკს” შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეტანილი სამი ცვლილების გაანალიზება სრულიად საკმარისია სახელისუფლებო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დასაწყებად და კონკრეტული დამნაშავეების დასადგენად.

პირველი ცვლილებით ”სიტი-პარკს” საქმინაობის დაწყება ერთი წლით გადაუვადდა (2008 წლის აგვისტოს ომის გამო) და ამ ცვლილებას მერიის რიგითმა თანამშრომელმა მოაწერა ხელი. მეორე ცვლილებით მერიის კუთვნილი 900 000 ლარის გადახდა ”სიტი-პარკს” 2019 წლის ბოლომდე გადაუვადდა და ამ ”გარიგებას” ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა მოაწერა ხელი. მესამე ცვლილებით მერიის კუთვნილი 1 572 700 ლარის გადახდა ”სიტი-პარკს” 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდა და ამას უკვე მერის მოადგილე დავით ალავიძე აწერს ხელს.

”ამდენად, შპს ”სიტი პარკი” სუფთა მოგების გარეშე არასდროს დარჩენილა. თუ პროკურატურა დაინტერესდება, ვის გადაერიცხა 2009-2011 წლებში (და მომდევნო წლებშიც) მოქალაქეებისგან, ფაქტობრივად თაღლითობით გამოძალული ფული ან/და საბოლოოდ ვის ხელში აღმოჩნდა ეს თანხა, დარწმუნებული ვარ, ამ მაღალჩინოსნებზეც გავა, ვინც საქართველოში საკანონმდებლო დონეზე ამკვიდრებდნენ კორუფციულ მექანიზმებს ან მერიაში ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს”, - აღნიშნულია პროკურატურისთვის გაგზავნილ წერილში, რომელსაც თან ახლავს დანართები.

აღნიშნულს ადასტურებს ”დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძეც.

”სიტი პარკთან” გაფორმებულ ხელშეკრულებაში არის კორუფციული გარიგების შემცვლელი ნიშნები, რაც არაერთგზის თქმულა. რასაც ბატონი კახნიაშვილი ამბობს, ყველაფერში ვეთანხმები. მას ამასთან დაკავშირებით კონკრეტული ადგილები აქვს ნანახი და, როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი”, - გვითხრა ოგბაიძემ.

რაც შეეხება ”სიტი პარკსა” და კახნიაშვილს შორის დაწყებულ სამართლებრივ დავას, ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 11 მარტსაა ჩანიშნული. საქმე ეხება ლაღიძის ქუჩაზე მანქანის დაყენების აკრძალვის ნიშანს, სადაც კახნიაშვილი მანქანის დაყენების გამო დაჯარიმდა. იგი სასამართლოსგან ჯარიმის ბათილად ცნობას და შესაბამისი ზიანის ანაზღაურებს ითხოვს.

მართალია, გზის სავალი ნაწილიდან (ლაღიძის ქუჩიდან) ეზოში შესახვევთან იდგა საგზაო ნიშანი - ”გაჩერება აკრძალულია”, მასზე მიმაგრებული ”სიტი პარკის” გამაფრთხილებელი წარწერით, მაგრამ, ვინაიდან მერიის მიერ ”სიტი პარკთან” გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ თბილისის ქუჩებზე (ანუ, ოფიციალურად რეგისტრირებული გზის სავალ ნაწილზე) და არა კორპუსების შიდა მისასვლელ გზებსა და ეზოებზე, რომლებსაც არ აქვთ დამისამართება (ანუ, შესაბამისი გამგეობის მიერ ოფიციალურად მინიჭებული საიდენტიფიკაციო დასახელება), ამასთან, ეზოს დასაწყისსა და სიღრმეშიც საკმაოდ ბევრი მანქანა იდგა, ჩავთვალე, რომ საგზაო ნიშანი კრძალავდა ავტომანქანების გაჩერებას შსს-ს შენობის მიმდერაბე ლაღიძის ქუჩის მარჯვენა მხარეს და თვითნებურად იყო მიბრუნებული ეზოს მიმართულებით.

მით უმეტეს, ადგილი, სადაც მანქანა გავაჩერე, არ წარმოადგენს გზას (ქუჩას), ვინაიდან 20-ოდე მეტრის დაშორებით მთავრდება ლითონის კარით, საიდანაც იწყება ავტონაწილების ბაზრობის ტერიტორია (კერძო საკუთრება). შესაბამისად, ბაზრობის ტერიტორიაზე შესვლა ფასიანია და რეგულირდება ბაზრობის თანამშრომლების მიერ”, - განმარტავს კახნიაშვილი ადმინისტრაციულ სარჩელში.

თავად კომპანიაში კახნიაშვილის ბრალდების შესახებ არაფერი სმენიათ, თუმცა განმარტავენ, რომ შესაბამის აკრძალვის ნიშნებს მერიის სატრანსპორტო სამსახურის დავალებით აყენებენ და ”სიტი პარკი” თვითნებურად არ მოქმედებს.

”ნიშანი ყენდება იმ ადგილას, რომელიც მითითებულია მერიის მიერ გამოგზავნილ წერილებში. ”სიტი პარკი” არ წყვეტს, სად დადგება ამკრძალავი ნიშანი, ან სად განთავსდება პარკირება. ამას წყვეტს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური, რომელიც სწავლობს ადგილებს, შემდეგ გვაწვდის ინფორმაციას, თუ სად რა სახის ნიშანი უნდა დაიდგას - პარკირება თუ დგომა აკრძალვის ნიშანი. შესაბამისად, გამორიცხულია, რომ ”სიტი პარკმა” თვითნებურად სადმე რაიმე აკრძალვის ნიშანი დადგას”, - უთხრა ”მთელ კვირას” ”სიტი პარკის” მედია კომუნიკაციების მენეჯერმა ლევან ტაბიძემ.

ნარმანიას უწყებაში კი განმარტავენ, რომ ე.წ. აკრძალვის ნიშნებს საჭიროებიდან გამომდინარე აყენებენ და ”სიტი პარკს” მხოლოდ დაჯარიმების უფლება აქვს მიცემული.

”გაჩერების და დგომის ამკრძალავი ნიშნის დაყენებასთან დაკავშირებით მერია გადაწყვეტილებას შესწავლის შემდეგ საჭიროებიდან გამომდინარე ღებულობს. სატრანსპორტო სამსახური ამას ხშირ შემთხვევაში საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით აკეთებს. ”სიტი პარკს” უბრალოდ აღნიშნულ საგზაო ნიშანთან მიმართებაში აქვს უფლებამოსილება, რომ ესა თუ ის ადამიანი დააჯარიმოს. მაგრამ, ის კანონიერად დააჯარიმებს თუ უკანონოდ - ეს უკვე სხვა თემაა.

”რაც შეეხება პარკირების ნიშანს, ქალაქ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ადგილები განისაზღვრება და მონიშვნას ახორციელებს "სიტი პარკი”, - ამბობს ”მთელ კვირასთან” საუბრისას სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილე ბაჩო აბულაძე.

აღსანიშნავია, რომ ”სიტი პარკის” მუშაობით თავის დროზე უკმაყოფილო ქალაქის მერი დავით ნარმანიაც იყო. იგი კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმებასაც აპირებდა. ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ნარმანია ამბობდა, რომ ”სიტი პარკი” თბილისში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა, რადგან მისი თქმით, კომპანია მხოლოდ ფულს აკეთებს, თუმცა, მოგვიანებით გადაიფიქრა და კომპანიას თბილისში ოპერირების უფლება მისცა.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი ”რეზონანსი”