გრიგოლ ლილუაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის არალეგალური საქმიანობის მაგალითი ბუნებაში არ არსებობს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არალეგალური საქმიანობის მაგალითი ბუნებაში არ არსებობს.

მისი თქმით, რეგიონში მიმდინარე გამოწვევების ფონზე საქართველოში არსებული მშვიდობა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიტანა.

"ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის პატრიოტი, ამას ჩემი სამსახური კი არა, მთელი საქართველო უყურებს. კაცმა, რომელმაც დღემდე მოიტანა ის მიღწევები, რომლითაც ამაყობს ჩვენი ქვეყნის არა მარტო მთავრობა და სახელისუფლებო წრეები, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა. ყველა ინდექსით, რაც უკავშირდება კორუფციას, ტერორისტულ საქმიანობას, ეკონომიკური განვითარების ტემპებს, რეგიონში მიმდინარე გამოწვევების ფონზე საქართველოში არსებულ მშვიდობას, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მოიტანა დღემდე. კარგს კარგი უნდა დაარქვათ, ცუდს - ცუდი. ამ კაცმა (ბიძინა ივანიშვილი) თუ რამე დააშავა დადეთ რამე ელემენტარული „ქეისი“, გნებავთ სანქციებთან მიმართებაში, გნებავთ არალეგალური საქმიანობის და სხვა მიმართულებებით, თუმცა ასეთი ბუნებაში არ არის, არ არსებობს ასეთი რამ, დღემდე ჩვენ ეს ვერ ვნახეთ",- განაცხადა ლილუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიერ საქართველოს სანქციების გვერდის ავლისთვის შესაძლო გამოყენებაზე, რაზეც უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა უპასუხა, რომ მსგავსი ფაქტი ვერცერთმა დაინტერესებულმა თუ არადაინტერესებულმა მხარემ ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა.

"თუკი საქართველოში ვინმემ ოდესმე ელემენტარული ფაქტი მაინც დადო სანქციების გვერდის ავლის შესახებ, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მეზობელი ქვეყნების, მათ შორის უკრინის ხელისუფლებიდან, რაიმე ელემენტარული მინიშენება მაინც კი კონკრეტულ „ქეისზე“ სად მოხდა, რა შემთხვევაში და რა სიტუაციაში სანქციებისგან გვერდის ავლა, მაშინ აზრი ექნებოდა ამ კითხვაზე ჩაღრმავებას.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი ფაქტი ვერცერთმა დაინტერესებულმა თუ არადაინტერესებულმა მხარემ ჯერჯერობით ვერ წარმოადგინა",- განაცხადა ლილუაშვილმა.