საქართველოში იახტების და კატერების გაყიდვების თითქმის მთელი ნაწილი 0%-იანი მოგებით არის გაყიდული - „აზიმუტ იახტს ჯორჯია“

„საქართველოში იახტების და კატერების გაყიდვების თითქმის მთელი ნაწილი 0%-იანი მოგებით არის გაყიდული“. როგორც “აზიმუტ იახტ ჯორჯიას” გენერალური დირექტორი გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, ამას გარკვეული მიზეზები აქვს.

„პირდაპირი და ძალიან აგრესიული მიზანი გვაქვს - ამ ბიზნესის განვითარება. შესაბამისად, არათუ მოგება არ გვქონია, არამედ იმ თანხებს, რომლებსაც აკუმულირებას ვუკეთებთ ევროპაში, ფაქტობრივად, ვხარჯავთ საქართველოში. ამას თავისი გამართლება აქვს. გავა კიდევ 5-6 წელი, ჩვენ კიდევ შევხვდებით და მერე ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომელიც ამ „მსხვერპლმა“ შეიძლება მოიტანოს“ - განაცხადა ჩიკვაიძემ გადაცემაში „ბიზნეს პორტრეტი“.

მისივე თქმით, ამჟამინდელი მონაცემებით საქართველოში გაყიდულია 17 მცურავი ობიექტი, რასაც ის ძალიან კარგ შედეგად აფასებს.

„აზიმუტ იახტს ჯორჯიას“ დირექტორის განცხადებით, ყველა საიახტო წამყვანმა ქვეყანამ უკვე იცის საქართველოს, როგორც საიახტო ბიზნესის ახალი ლოკაციის შესახებ.

ეკა დარჩიაშვილი