Citroen-ი და Polestar-ი ლოგოზე დაზავდნენ

ფრანგულ Citroen-სა და შვედურ Polestar-ს შორის ლოგოს გამო დავა უკვე 3 წელია გრძელდება. კომპანიების ლოგოების მსგავსების გამო, 2020 წელს Citroen-მა სასამართლოს გზით მიაღწია Polestar-ის ავტომობილების საფრანგეთში გაყიდვის აკრძალვას, ახლა კი ფრანგული Le Monde აღნიშნავს, რომ მხარეებმა დავა გადაჭრეს, თუმცა დეტალებზე არაფერს წერენ.

როგორც ცნობილია, ეს ორი საავტომობილო ბრენდი საკუთარ ლოგოში იყენებს „შევრონის“ ფორმის მსგავს ელემენტებს, თუმცა მათი განლაგება სხვადასხვანაირია. ფრანგებმა ჩათვალეს, რომ ეს მსგავსება მათ ფინანსურად აზიანებდა და ამიტომ მოითხოვა Polestar-ის ავტომობილების ამ ლოგოთი გაყიდვის აკრძალვა საფრანგეთის ტერიტორიაზე, რასაც მიაღწია კიდეც.

ამის შემდეგ გავიდა 2 წელი და მხარეებმა მხოლოდ ახლა მოახერხეს შეთანხმება. იმის გამო, რომ დეტალები არ ხმაურდება, უცნობია, რომელ კომპანიას მოუწია კომპრომისზე წასვლა. მიუხედავად დაზავებისა, ამ შვედური ბრენდის ავტომობილები ჯერ არ იყიდება საფრანგეთში, თუმცა, კვლავინდებურად ხელმისაწვდომია ევროპის რამდენიმე ბაზარზე.

კოკა კვირკველია