ბელგიის სახელმწიფო მდივანი - მოსახლეობას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თავშესაფარი ეკონომიკური ფონის გამო არ გაიცემა

თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივნის, ნიკოლ დე მურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა.

როგორც მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულში შედის და მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თავშესაფარი ეკონომიკური ფონის გამო არ გაიცემა.

„თავშესაფრის მთხოვნელთა გაზრდილ რაოდენობას ყველა ქვეყნიდან ვხედავთ, ამ მომენტში საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულში შედის. ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით თქვენი ქვეყნის პროფილს არ ერგება, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა და აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა. მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თავშესაფარი ეკონომიკური ფონის გამო არ გაიცემა”, - აღნიშნა ნიკოლ დე მურმა.