რა ღირს ყველაზე ძვირად ღირებული იახტა საქართველოში

“ჩვენი საწყისი კაპიტალი იყო ნოლი. პრეზენტაცია გავაკეთე უშუალოდ მე და მეხმარებოდა ჩემი ორი ძმა. ხალიჩების საყიდლადაც კი ჩვენ დავდიოდით, ძალიან დაგვეხმარნენ პარტნიორებიც და სპონსორებიც, მაგრამ მთლიანად პრეზენტაცია ჩვენი დამსახურებაა, რომელიც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა“ - განაცხადა „აზიმუტ იახტს ჯორჯიას“ დირექტორმა, გიორგი ჩიკვაიძემ.

„10 ძირითადი პუნქტიდან ჩვენ გარღვევა გვქონდა უმეტესში, თუმცა კომპანიის მფლობელმა, ჯოვანა ვიტელიმ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მოგვცა წარმომადგენლობა საქართველოში.

საქმე იყო პიროვნულ ნდობაში. ეს არის ოჯახური ბიზნესი, ამიტომ ადამიანური ფაქტორი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ეს შესაძლოა, ბიუჯეტურ მხარესაც აღემატებოდეს. მახსოვს, როდესაც მან მოაწერა ხელი განკარგულებას ჩვენს ქვეყანაში წარმომადგენლობის შესახებ, მისი ერთი ფრაზა, რომ კომპანიის არსებობის 70 წლის განმავლობაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ „აზიმუტ ბენეტი“ სადმე შესულიყოს და იქიდან წარუმატებელი გამოსულიყოს. ამისი იმედი ჰქონდა მას ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. ეს სიტყვები ჩემთვის ჩვენი საქმიანობის ბიბლიაა“, - აცხადებს ჩიკვაიძე.

მისი თქმით, დღესდღეობით, ჯამში, საქართველოში გაყიდულია 17 მცურავი ობიექტი, საუბარია კატერსა და გემზე. მათგან, საშუალო დონის იახტის ღირებულება 80 ათასი დოლარიდან იწყება, ხოლო რაც შეეხება ყველაზე ძვირად ღირებულ იახტას, „აზიმუტ იახტს ჯორჯიას“ დირექტორმა ზუსტი რიცხვს დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა დაადასტურა, რომ თანხა მილიონ ევროს აღემატება.

ეკა დარჩიაშვილი