უჩვეულო ექსპერიმენტი - ირლანდიელი შემოქმედები გარანტირებულ შემოსავალს მიიღებენ

ირლანდიაში დაიწყო სამთავრობო ექსპერიმენტი, რომლის დროსაც კრეატიული პროფესიის 2000 წარმომადგენელი, კერძოდ, მუსიკოსები, მწერლები, მსახიობები, მხატვრები და ა.შ. სახელმწიფოსგან კვირაში 325 ევროს ოდენობის გარანტირებულ შემოსავალს მიიღებენ.

BBC-ის ცნობით, ირლანდიის მთავრობის მიერ ჯერ კიდევ იანვარში გამოცხადებული ინიციატივის მიზანია, დაადგინოს, დაეხმარება თუ არა გარანტირებული შემოსავალი კრეატიულ ადამიანებს იმ ზიანის ანაზღაურებაში, რაც მათ პანდემიამ მიაყენა.

ამ სქემისთვის მთავრობამ 25 მლნ ევრო გამოყო. მასში ნებაყოფლობით 9000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც 2000 პირი შეირჩა. მათგან უმეტესობა მუსიკოსი და მხატვარია. სქემის მონაწილეები ყოველკვირეულ გარანტირებულ შემოსავალს სამი წლის განმავლობაში მიიღებენ. ამასთან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავიანთი ძირითადი საქმიანობიდანაც გამოიმუშავონ და სოციალური შეღავათებით ისარგებლონ. სანაცვლოდ, მონაწილეები ვალდებული არიან, თავიანთი მონაცემები კვლევისთვის გააზიარონ, რომ დადგინდეს, თუ რა გავლენას ახდენს გარანტირებული შემოსავალი ადამიანების ცხოვრებაზე.

ირლანდიის კულტურის მინისტრი, კეტრინ მარტინი აცხადებს, რომ ინიციატივას აქვს „პოტენციალი, ძირეულად შეცვალოს ხელოვნებისა და შემოქმედების მხარდაჭერის გზები“.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ