ბადრი ჯაფარიძე - არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად

„ლელოს" ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარება კარგია, მაგრამ 100%-ით ელექტრონული უნდა იყოს. მან არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარების თაობაზე "ქართული ოცნების" ინიციატივა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს არასაკმარისი იქნება, რადგან არჩევნები სამართლიან გარემოში უნდა წარიმართოს.

“არჩევნების ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად. 30%-ის დატოვება ნიშნავს იმას, რომ ამ პროცენტში შეეცდებიან მანიპულაციას და შესაბამისად, გაურკვეველია, რა პრინციპით უნდა მოხდეს 70%-ის 30%-ზე გაყოფა. თითქოს დიდ ქალაქებში უნდა იყოს და რეგიონებში არა, ეს ტოვებს იგივე რისკებს, რომელიც საქართველოში "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ არჩევნებს ახასიათებს. ამიტომ, ელექტრონულად ჩატარება კარგია, მაგრამ ის უნდა იყოს 100%-ით ელექტრონულად, ეს არის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი. ამავდროულად, იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს კეთილსინდისიერი კონკურენციისთვის ელექტრონულად ჩატარება საკმარისი არ არის, ამისთვის აუცილებელია ადმინისტრაციული რესურსის ფართოდ გავრცელებული მეთოდების გამოყენების აღკვეთა, ასევე აუცილებელია კრიმინალური დაჯგუფებების გამოყენების პრაქტიკის შეწყვეტა, რასაც "ქართული ოცნება" ბოლო არჩევნებზე აკეთებს. ელექტრონული არჩევნები არასაკმარისია სამართლიანი არჩევნებისთვის, რადგან გარემო არის ასევე მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ხმის მიცემის პროცესი. საარჩევნო გარემო უნდა იყოს სამართლიანი, რაც დღემდე არ გვქონია და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ",-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება" საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იქნება საარჩევნო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი, რომელიც არჩევნების შედეგების გარშემო მანიპულირების პრობლემას მინიმუმამდე შეამცირებს.