ყირგიზეთისთვის ავტომობილების იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო პირველ ადგილზეა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთმა საქართველოდან 8,7 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განახორციელა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის 3 მლნ დოლარის მაჩვენებელს, თითქმის, სამჯერ აღემატება. ინფორმაციას სააგენტო Trend ყირგიზეთის სტატისტიკის ეროვნულ კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, რაოდენობრივი თვალსაზრისით, ყირგიზეთის იმპორტმა საქართველოდან საანგარიშო პერიოდში 6052 ერთეული შეადგინა.

ამდენად, ყირგიზეთში მანქანების იმპორტიორ ქვეყნებს შორის საქართველო ამ პერიოდში პირველ ადგილზეა. მას 3072 ერთეულით რუსეთი, ხოლო 2813 ერთეულის ექსპორტით სამხრეთ კორეა მოსდევს.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ყირგიზეთმა, 2021 წლის ანალოგიური პერიოდის 5529 ერთეულთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, თითქმის, სამჯერ, 16 245-მდე გაზარდა. ფულადი თვალსაზრისით, იმპორტმა 127,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის 61,9 მლნ დოლარის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ