„თბილისი ცენტრალი“ 2006 წლის თებერვალს დაფუძნდა. 2006 წლის 15 მაისს კომპანიამ გააფორმა 49-წლიანი იჯარა თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაზე. კომპანიამ აღნიშნული შენობა, რომლის საერთო ფართობი 23,097 კვადრატული მეტრია, იჯარით აიღო მისი სავაჭრო ცენტრად გარდაქმნის მიზნით. კომპანიამ ქონება გარდაქმნა სავაჭრო ცენტრად, რომელიც 2010 წლის 21 მაისს გაიხსნა და დღემდე მოქმედია. 2012 წლის 13 ივლისს, კომპანიასთან დაკავშირებულმა მხარემ, შპს „რივერსაიდ პლაზამ“, მოიპოვა საკუთრების უფლება თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაზე. ამ თარიღიდან, კომპანია ქირაობს შენობას შპს „რივერსაიდ პლაზასგან“. კომპანიას ჰყავს შვილობილი საწარმო, შპს „ცენტრალ რითეილი“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიცაა. შვილობილი საწარმოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კაფის მართვა, რომელიც თბილისის რკინიგზის სადგურის შენობაში მდებარეობს. კომპანია, თავის შვილობილ კომპანიებთან ერთად, შეადგენს კომპანიების ჯგუფს.
სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, “თბილისი ცენტრალის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ნიკა ხაზარაძე, კახაბერ კოლელიშვილი, ჟან პატრიკ ვუაზინი (საფრანგეთი); ბობ მეიერი (ნიდერლანდები). კომპანიის დირექტორია ლევან ყარალაშვილი.
სავაჭრო ცენტრის ძირითადი მიმართულება საყოფაცხოვრებო ტექნიკით ვაჭრობაა. დღეის მდგომარეობით ცენტრში ფუნქციონირებს ტექნიკის თითქმის ყველა მაღაზია, რაც წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე, ოქროსა და ვერცხლის ბაზრობა, ტანსაცმლის მაღაზია, 1700 კვ.მ ზე ფუნქციონირებს სასტუმრო.