როგორ ითვლება ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება - „ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კიდევ გაიზრდება“

„დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულება ჩემპიონატის შემდეგ კიდევ გაიზრდება“, - ამის შესახებ FA Players Agents-ის FIFAS ლიცენზირებული საფეხბურთო აგენტი მალხაზ მუსერიძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ აცხადებს.

მუსერიძემ განმარტა, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება. მისი თქმით, ღირებულების დასათვლელად ადგილობრივი ჩემპიონატის შედეგად მიღებულ შედეგებს, ასაკობრივ კატეგორიასა და ფეხბურთელის პოტენციალს იყენებენ.

„ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებას განსაზღვრავს რამდენიმე ფაქტორი. ეს არის ადგილობრივი ჩემპიონატის დონე, მისი პირადი შედეგიანობა ადგილობრივ ჩემპიონატში, არის თუ არა ის ასაკობრივი ან ეროვნული ნაკრების წევრი, პოტენცია. ამას სპეციალისტები აკვირდებიან და სწავლობენ. შესაბამისად, დგება ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს სატრანსფერო ღირებულებასთან. იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა ცნებაა. სატრანსფერო ღირებულება სხვა რაღაცას განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ფეხბურთელების შემთხვევაში ეს მათ საბაზრო ღირებულებებზე ხვალ და ზეგ დადებითად აისახება. ფეხბურთელებზე, რომელებიც ასაკში არიან, ნაკლებად აისახება, თუმცა ისინი სტაბილურად ძვირფასი ფეხბურთელები არიან. დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ღირებულა კიდევ გაიზრდება ჩემპიონატის შემდეგ. მე ვისურვებდი, რომ ევროპის ჩემპიონატის მერე ხვიჩას მიუახლოვეს სამი ქართველი ფეხბურთელი მისი ღირებულებით. ვფიქრობ, რომ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს აქვს შანსი, რომ გაიმეორონ იგივე გზა, რაც ხვიჩამ გაიარა“, - განაცხადა მურუსიძემ.

იხილეთ ასევე: გაიზრდება თუ არა ევრო-2024-ის საგზურის მოპოვების შემდეგ ნაკრების ფეხბურთელების ფასი

მერი ტაბატაძე