„ჩვენ ქალაქში გამოვყავით კონკრეტული საპარკინგე ადგილები, რომელიც უფასოა ტაქსებისთვის და ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ ადგილებზე გაჩერებულია სხვა ავტომობილები,“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძემ მერიის შესაბამის სამსახურებს მონიტორინგის გამკაცრებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ნებისმიერ რეფორმას ეკარგება ფასი, თუ იგი კარგად არ აღსრულდა.
„ეს დასარეგულირებელია. რაღაც გადაწყვეტილებას რომ ვიღებთ, ის თუ აღსრულებაში კარგად არ განვახორციელეთ, მაშინ იმ რეფორმას საერთოდ დაკარგული აქვს ფასი. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება მაქსიმალური კომუნიკაცია საპატრულო პოლიციასთან, კამერებით აღჭურვა, თუ ჯარიმებია გასაზრდელი, გავზარდოთ ჯარიმები, რათა ქალაქში იყოს წესრიგი,“ - განაცხადა კახა კალაძემ.