რომან კაკულია „თიბისი ბანკზე“- პროკურატურას ალბათ ჰქონდა სათანადო მიზეზი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა

პროკურატურას ისეთი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელსაც თავისი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ესმის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ბიზნესგარემოთი ცდილობს იამაყოს დანარჩენ მსოფლიოსთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკთან“ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განუცხადა. მისი თქმით, პროკურატურას ალბათ ჰქონდა სათანადო მიზეზი, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა.

„ამ ეტაპზე არავითარი ეჭვის საფუძველი არ მაქვს. დაველოდოთ მოვლენებს და შემდეგ შევაფასოთ ვითარება“, - განაცხადა კაკულიამ.

რაც შეეხება ექსპერტების შეფასებას, რომ ამ გამოძიებას შესაძლოა მძიმე საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვეს, კაკულიას განცხადებით, მძიმე საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვება მაშინ, თუ დადასტურდება, რომ ეს ყველაფერი ატეხილია არაფრის გამო.

როგორც ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ“, - აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს
„TBC ბანკზე ინფორმაციის “გაჟონვა” არის უპასუხისმგებლობის ძალიან აშკარა ნიმუში“
„თიბისი ბანკის“ რა საქმეს სწავლობს პროკურატურა